დღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-9 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2016 გაიხსნება

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით, 3-5 ივნისს, ,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენა– WinExpo Georgia 2016“ გაიმართება.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, გამოფენაში მონაწილეობას ხუთი ქვეყნიდან, საქართველო, უკრაინა, გერმანია, იტალია, საფრანგეთი 95 კომპანია იღებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, WinExpo Georgia 2016-ზე წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე შესაფუთი მასალა, ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები.

გამოფენის ფარგლებში მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების კუთხე მოეწყობა. WinExpo Georgia 2016-ზე საუკეთესო ქართულ ღვინოსთან ერთად წარმოდგენილია ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველის ნაირსახეობები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, 3-4 ივნისს ჩატარდება ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award. კონკურსზე წარდგენილ ღვინის ნიმუშებს ენოლოგების საერთაშორისო ექსპერტებით, ცნობილი ღვინის ჟურნალისტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ჟიურის შემადგენლობაში შედიან - ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW - ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ღვინის მაგისტრი - რიჩარდ კერშაუ (Richard Kershaw MW – სამხრეთ აფრიკა), ისა ბალი (Isa Bal MS, ოსტატი სომელიე – თურქეთი), ენოლოგი და ღვინის ექსპერტი - ლადო უზუნაშვილი (საქართველო) და ღვინის ექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო). 4 ივნისს, კომპეტენტური ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ ღვინოებს საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოებს.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯიას“ XI პავილიონში გამოფენის ვიზიტორებსა და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ლევან მოსიაშვილის გამოფენას - „ღვინის ხელოვნება“.

გამოფენის გახსნის ცერემონია დღეს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ XI პავილიონში გაიმართება.