ელექტრონული სამართლიანობის აღსადგენად - დარღვევები ტენდერებში

ექსკლუზიური ინტერვიუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე­ ლევან რაზმაძესთან

"დასანანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დავების საბჭოს საქმიანობაში ჩართვისგან თავს იკავებენ, ერთვებიან ფრაგმენტულად ან დროებით, არ აქტიურობენ..."

"წლეულს 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება შესყიდვის ახალი ნაირსახეობა, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს არა მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის პრინციპის გათვალისწინებით, არამედ ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციით"

სახელმწიფო შესყიდვები, უკვე წლებია, ერთ-ერთი მწვავე და აქტუალური თემაა. "ჩაწყობილი" ტენდერები, ერთ პირზე მორგებული პირობები, სატენდერო პირამიდები­ თუ კორუფციული გარიგებები - ამ და სხვა პრობლემებზე ბიზნესმენები ხშირად ლაპარაკობენ. ყველა ამ საკითხზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე­ ლევან რაზმაძემ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

100 ტენდერი დღეში

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბოლო დროს ხშირად ხვდება ბიზნესმენებს. რა არის ამის მიზეზი და მიზანი და აქამდე რატომ არ იყო კონტაქტი ასეთი ხშირი?

- ბოლო ორი წელია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მუდმივად მართავს საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო პერიოდში კი ბიზნესსექტორთან პირდაპირი კომუნიკაცია, შეიძლება ითქვას, ახალ საფეხურზე გადავიდა - ჩემი ინიციატივით დავიწყეთ რეგულარული შეხვედრები ჩვენი სააგენტოს ოფისში. ამ ინიციატივის მიზანია, უშუალოდ ბიზნესმენებმა წარმოგვიდგინონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ, მათი აზრით პრობლემურ საკითხებსა და შესყიდვების სფეროში არსებულ ხარვეზებზე. შეხვედრის ფორმატი საშუალებას იძლევა, ბიზნესმენებმა დაუფარავად ილაპარაკონ თავიანთ პრობლემებზე, წარმოგვიდგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. ბიზნესმენების სურვილის გათვალისწინებით, ასეთი შეხვედრები ბიზნესის ცალკეულ დარგებს ეხება და, შესაბამისად, ვიწვევთ დარგობრივი ნიშნით შერჩეულ კომპანიებს.

- ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შენიშვნები აქვთ ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით, მათ შორის არის შემჭიდროებული ვადები, ერთ პირზე მორგებული სატენდერო პირობები, დაბალი კონკურენცია და მაღალი საჯარიმო სანქციები. რა გამოსავალს ხედავს სააგენტო ამ პრობლემების მოსაგვარებლად?

- ეს და სხვა საკითხებიც არაერთხელ გაჟღერებულა შეხვედრების დროს და ამ მიმართულებით სააგენტომ უკვე გადადგა ნაბიჯები. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საქართველოში ყოველწლიურად 35 ათასზე მეტი ტენდერი იმართება, ანუ დღეში საშუალოდ 100-მდე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია თავად განსაზღვრავს და აყალიბებს სატენდერო მოთხოვნებს, მათი ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე. შემსყიდველებს სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული, დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრონ შესყიდვის ობიექტი, მიწოდების ვადები, კონკრეტული სპეციფიკაციები. რაც შეეხება შემჭიდროებულ ვადებს, შესაძლოა, ეს ობიექტური აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი. თუმცა, შესაძლებელია, არსებობდეს სუბიექტური მომენტიც. სწორედ ამიტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მონიტორინგის დროს შემსყიდველი ორგანიზაციების ყურადღებას ამახვილებს ამ ვადებზე, რათა მათ მოკლე ვადის დაწესებით გაუმართლებლად არ შეზღუდონ კონკურენცია. იგივე ითქმის ე. წ. ერთ პირზე მორგებულ სატენდერო პირობებზე. ასეთ შემთხვევებზე სააგენტო სისტემატურად ახორციელებს სრულ მონიტორინგს და მსგავსი ფაქტების გამოვლენისას სამართალდამრღვევი პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ. ბიზნესის წარმომადგენლებსაც აქვთ საშუალება, ამგვარი ფაქტი დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრონ.

დაბალ კონკურენციასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ცალკეულ შემთხვევებში ეს ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. კერძოდ, ეს გახლავთ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დაბალი აქტიურობა და ინერტულობა სპეციფიკურ დარგებში. ამ მხრივ ჩვენ ინტენსიურ პროპაგანდას ვუწევთ, რომ აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფო შესყიდვებში, მიიღონ მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერებში, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვები ბიზნესის გაფართოების კარგი საშუალებაა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 6 ივნისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი