ნოდარ ხადური - მინისტრების, მათი მოადგილეების და მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია

არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ მინისტრების, მათი მოადგილეების და მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აუდიტის სამსახურის დასკვნის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

რაც შეეხება იმას, რომ ფინანსთა სამინისტრომ არ გააგზავნა განმარტებითი ბარათი, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ ყველა ის დოკუმენტი გადაგზავნა, რომელიც ვალდებულია, რომ როგორც აუდიტის სამსახურს, ისე პარლამენტს გადაუგზავნოს.

„არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, რომ მინისტრების, მათი მოადგილეების და მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია. მათ შორის მნიშვნელოვნადაა შემცირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. რაც შეეხება ზოგადად საკითხს, ნამდვილად ასეა, გაზრდილია შრომის ანაზღაურების ფონდი, ეს არის შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების გამო და ამაზე ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, მათ შორის იმ პერიოდში, როცა ჩვენ ბიუჯეტი გაგვქონდა საქართველოს პარლამენტში გასული წლის ბოლოს”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს წინა წელთან შედარებით, პრემიის სახით გაცემული თანხების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დანამატის სახით გაცემული რესურსის მოცულობა და საერთო ჯამში, 2015 წელს „პრემიისა“ და „დანამატის“ მუხლებით გაცემული თანხების ოდენობამ (14 133 000 ლარით) 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.9%-ით გადააჭარბა.