კახიშვილის უწყება - 2015 წელს სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის პრემია-დანამატები 681 500 ლარით შემცირდა

2015 წელს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის პრემია-დანამატები, 2014 წელთან შედარებით 681 500 ლარით შემცირდა.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ განაცხადა, რითაც შესაბამის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა.

როგორც ხულორდავამ განმარტა, უწყების თანამშრომლებზე პრემიის ან დანამატის გაცემის ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად არის შესწავლილი და დასაბუთებული.

„სამინისტროს მიერ თანამშრომლებზე გაცემულ თანხებზე საუბრისას მხოლოდ დანამატის მაჩვენებელი სრულ სურათს არ ქმნის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით გაცემული პრემიის საერთო თანხა 4 400 000 ლარით არის შემცირებული, შესაბამისად ჯამში პრემიისა და დანამატის ოდენობა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 681 500 ლარით შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვნად არის შემცირებული უწყებაში მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება“, - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის გამჭვირვალობა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია.

„პრემიებისა და სახელფასო დანამატების საკითხზე სამინისტრომ ადრეც გააკეთა განმარტება და მომავალშიც მზად არის დაინტერესებულ ჯგუფებთან და უწყებებთან თანამშრომლობისთვის და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელფასო დანამტებისა და პრემიების გაცემის საკითხზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ არც 2014 და არც 2015 წლებში რაიმე სახის რეკომენდაცია არ გაუცია. სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია“, - აღნიშნეს კახიშვილის უწყებაში.

მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, კონტექსტიდან გამოცალკევება მოხდა, როდესაც მხოლოდ დანამატებზე გაკეთდა აქცენტი და არ ყოფილა გამახვილებული ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიების საერთო თანხა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით 4 მილიონ ლარზე მეტით შემცირდა.