მომხმარებელი სუპერმარკეტებში მომსახურების დაბალ დონეს უჩივის

საქართველოში სუპერმარკეტების ბაზარზე კონკურენცია დიდია - ადგილობრივი თუ უცხოური ქსელები მომხმარებლის მოზიდვას კომფორტული გარემოთი, მრავალფეროვანი არჩევანითა და მეტ-ნაკლებად დაბალი ფასებით ცდილობენ. ერთი შეხედვით, ყველაფერი ევროპული სტანდარტის შესაბამისია, თუმცა, როდესაც ბაზრის კვლევა დავიწყეთ და მომხმარებელთა განწყობაც შევისწავლეთ, თითქმის ყველა, დიდ თუ პატარა სუპერმარკეტში ერთი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა - მომსახურების დაბალი დონე.

თამარ შველიძე: კოსტავას ქუჩაზე ვცხოვრობ, ჩემს სახლთან ევროპული სუპერმარკეტი არც ისე დიდი ხნის წინ გახსნეს. ბუნებრივია, უბანში ევროპული ბრენდის გამოჩენა გაგვიხარდა და სუპერმარკეტს ხშირადაც ვსტუმრობთ, თუმცა, ძალიან მალე მოლოდინი გაგვიცრუვდა. რა დროსაც უნდა შეხვიდეთ, სუპერმარკეტის სალაროსთან ყოველთვის რიგია, რის გამოც, მინიმუმ 10 წუთი რიგში დგომა მიწევს. რაც მთავარია, რიგის მიზეზი ხალხმრავლობა სულაც არ არის. როგორც წესი, უზარმაზარ სუპერმარკეტში, მხოლოდ ერთი ან ორი სალარო მუშაობს, დანარჩენები დახურულია. რამდენიმე დღის წინ მენეჯერთან შეხვედრაც მოვითხოვე, უამრავი ადამიანი დგას რიგში და სალაროებს რატომ არ ხსნით-მეთქი. მიპასუხეს, მენეჯერი ადგილზე არ გახლავთ, თუ პრეტენზია გაქვთ, ცხელ ხაზზე დარეკეთო. ალბათ, სუპერმარკეტები მოლარეების ხარჯზე ფულს ზოგავენ - ნაკლები თანხის გადახდა უწევთ ხელფასებში.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ ყაზბეგის გამზირზე მდებარე კიდევ ერთი სუპერმარკეტის ხშირი მომხმარებლებიც.

ლევან ნაცვლიშვილი: მართალია, ჩემს სახლთან ახლოს ევროპული სუპერმარკეტი არ არის, ქართულია, თუმცა ბაზარზე საკმაოდ მძლავრი რესურსით გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი უკვე რამდენიმე წელია ბაზარზე ოპერირებს, მომსახურების სერვისის დახვეწა დღემდე ვერ შეძლო - სალაროები დაკეტილია, როგორც წესი, მხოლოდ ერთ მოლარეს ამუშავებენ. ეს განსაკუთრებულ დისკომფორტს საღამოს საათებში მიქმნის, როდესაც დაღლილი და მშიერი, სახლში დაბრუნებას ვჩქარობ... მეტიც, რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ სუპერმარკეტში ერთ-ერთი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული ე. წ. ლეჩო შევიძინე. შინ მისულმა კი აღმოვაჩინე, რომ გაფუჭებული იყო. არადა, ვარგისიანობის ვადა გასული არ ჰქონდა. როგორც ჩანს, სუპერმარკეტში შენახვის პირობები არ იყო დაცული. სხვათა შორის, რამდენიმე მეზობელმა იმავე პრობლემით სუპერმარკეტის მენეჯერთან დაიჩივლა, მათ გაფუჭებული რძის პროდუქტები შეიძინეს, თუმცა დაბრუნებაზე უარი მიიღეს...

ნათია გვაზავა: ორთაჭალაში, ჩემს სამსახურთან ახლოს ცნობილი სუპერმარკეტია, რომელსაც შესვენების საათებში ყოველდღე ვსტუმრობ. საკმაოდ გემრიელი მზა საჭმელები აქვთ, თუმცა მომსახურების დონე ძალიან დაბალია.

არაფერს ვამბობ მუდმივ რიგზე, რომელიც აქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაგხვდებათ. ერთხელ მოლარესთან დავიწუწუნე, რატომ არ ხსნით ყველა სალაროს-მეთქი, მან კი უხეშად მომაძახა, თუ ნებისყოფა არ გაქვს, აქ საერთოდ ნუ შემოხვალო. რამდენიმე დღის წინ ჩემმა თანამშრომელმა იმავე სუპერმარკეტში ამჟავებული იოგურტი შეიძინა, თუმცა ქვითართან ერთად დააბრუნა და თანხა აუნაზღაურეს... როდესაც პრეტენზია გაქვს, ბაზარზე ნომერ პირველი იყო და ამისთვის საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავ, ელემენტარული პრობლემების გადაჭრა არ უნდა გიძნელდებოდეს.

რუსუდან შელია

ჟურნალი "TOP რეიტინგი"