ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - საფრთხე, რომელსაც ბოლო არ უჩანს

E60 ჩქაროსნული გზატკეცილის უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, პრობლემას დიდწილად, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, მოძრაობის წესების მიმართ განათლების დაბალი დონე ქმნის. გარდა ამისა, ხშირია დაუდევრობა, რომელსაც ავტომაგისტრალით მოსარგებლე მძღოლები და ქვეითად მოსიარულეებიც იჩენენ.

თბილისი-ფოთის მაგისტრალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები დიდწილად არასწორ მანევრირებას, უყურადღებოდ მართვას, გადაჭარბებულ სიჩქარეს, მანქანის გადაღლილ და ნასვამ მდგომარეობაში მართვას უკავშირდება. საფრთხე გაცილებით დიდია იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი დასახლებულ პუნქტებში შედის.

დასახლებულ ადგილებსა და ავტობუსის გაჩერებებთან, ასევე მიმდებარედ უსაფრთხო გადაადგილება როგორც მძღოლების, ასევე ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების ფარგლებში განხორციელებული კამპანიის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს მექანიზმი, რამაც აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხო გადაადგილება უნდა უზრუნველყოს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ხერგიანის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ღონისძიებები როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაშიც არასამთავრობო სექტორის მონაწილეობაც დიდია.

"საგზაო უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს ავტომაგისტრალის მთლიანად ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა. შავშეთის მონაკვეთზე მოეწყო უმაღლესი დონის ხმის დამცავი ბარიერი და მიწისქვეშა გადასასვლელი ქვეითად მოსიარულეთათვის. ასეთი გადასასვლელი მაგისტრალის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმეა, შენდება მიწისზედა გადასასვლელი ხიდებიც, რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, შეუფერხებლად გრძელდება, დაბრკოლება არ გვაქვს.

ამასთან, უსაფრთხოების დაცვას ვცდილობთ აბსოლუტურად ყველა მონაკვეთზე, სადაც ავტომაგისტრალია. როგორც ახალ, ასევე მეორად გზებზე დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების ღონისძიებებს, რასაც არასამთავრობო სექტორთან ერთად ვახორციელებთ. ამ მხრივ აღსანიშნავია პროექტი "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო", რომელიც მიმდინარეობს ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" მხარდაჭერით და E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე არის გათვლილი", - ამბობს ხერგიანი.

პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ისეთი ღონისძიებები, რაც მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს მიზნად. "ჩვენ მივდივართ მოსახლეობასთან, ვატარებთ ტრენინგებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ცხადია, ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო და გაწეული ღონისძიება იქნება ფუჭი, თუკი უსაფრთხოების ზომა არ ქნება დაცული. რაც უნდა გავაკეთოთ, ამას მძღოლებისა და ქვეითების გარეშე ვერ მივაღწევთ. მოსახლეობაში ვარიგებთ ბროშურებს, რომ მოქალაქეებმა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის სწორად გამოყენება შეძლონ.

სამწუხაროდ, ხალხს ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად უწყობს იგი ხელს უსაფრთხოებას. სანამ ცნობიერება არ ამაღლდება და ადამიანები საგზაო მოძრაობის წესებს არ დაიცავენ, მაგისტრალებზე ყოველთვის იქნება საფრთხე, რაც უნდა გააკეთო, რისკი ყოველთვის იარსებებს", - დასძენს ირაკლი ხერგიანი.

სპეციალისტების დაკვირვებით, ავტომაგისტრალზე ავარიების დიდი ნაწილი გადაჭარბებულ სიჩქარეს უკავშირდება. სულ ცოტა ხნის წინ კი ექსპერტებს მთავრობისთვის მთელი რიგი რეკომენდაციები დასჭირდათ, რომ ავტომაგისტრალზე სიჩქარის 10 კმ/სთ-ით გაზრდის გადაწყვეტილება გადაეფიქრებინათ. არასამთავრობო სექტორი მთავარ არგუმენტად ავტოპარკის არსებულ მდგომარეობას ითვალისწინებდა. იმის გამო, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით დახვეწილი არ არის და ბოლომდე არც მოძრაობის უსაფრთხოებაა დაცული, მსგავსი გადაწყვეტილება, შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეებისა თუ ავტომაგისტრალით მოსარგებლე ნებისმიერი ადამიანისთვის საშიში აღმოჩნდეს.

სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, საფრთხე აშკარად დიდია. როორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიდან ირკვევა, ავტოავარიების რაოდენობა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი. შარშან საქართველოში დაფიქსირებული 6432 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 9187, ხოლო დაიღუპა 602 კაცი, მათ შორის, 28 ბავშვია. გადაჭარბებული სიჩქარის გამო დაღუპულთა რაოდენობა კი 17%-ს აღწევს

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, ავტომაგისტრალებზე არის რამდენიმე ტიპის პრობლემა, რომელიც მსოფლიო ბანკის ექსპერტმაც დაადასტურა.

"პირველი შთაბეჭდილება, რაც მსოფლიოში გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელმა გაგვიზიარა, საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებულ პრობლემას მწვავედ წარმოაჩენს. განსაკუთრებით ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით კი, მაგისტრალებთან დაკავშირებით, იმუშავებენ. ქვეყანაში ამ მიმართულებით მოქმედებს მხოლოდ საპატრულო პოლიცია, რომელიც უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებს და პრევენციის მიზნით არაფერს აკეთებს.

უნდა ვაიძულოთ მძღოლები, რომ მოძრაობის წესები დაიცვან. პრობლემის მოგვარებაში ძალიან გვეშლება ხელი იმის გამო, რომ არ გვაქვს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია. საქართველოში არ არის დაზუსტებული ინფორმაცია "შავი წერტილების" შესახებ, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები სისტემატურად ხდება. რაც შეეხება E60 ავტომაგისტრალს, ფაქტობრივად, "სიკვდილის დერეფანია", სადაც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება", - განმარტავს მესხიშვილი.

მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ასევე მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე მაქსიმალური სიჩქარეა. როგორც ვიცით, დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 110 კმ/სთ-ით განისაზღვრება, მაგრამ დასაშვებია 15 კმ/სთ-ით მეტი, ანუ დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 125 კმ/სთ-ს შეადგენს.

"მაქსიმალური სიჩქარის ზრდა იგეგმებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. ერთ-ერთი ფაქტორი მარჯვენასაჭიანების თემას უკავშირდება. ვერ გამირკვევია, რა საჭიროა ციფრების მატება, როცა მაგისტრალებზე ავტომანქანები ისედაც მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. მით უმეტეს, როცა ავტოსაგზაო შემთხვევების რისკიც მაღალია", - განმარტავს დავით მესხიშვილი.

E60 მაგისტრალთან დაკავშირებით საფრთხე, რომელიც რეალურად არსებობს, გარევაჭრობასაც უკავშირდება. სპეციალისტების ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემა სხვა მაგისტრალებზეც არის, ამიტომ მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან, უზრუნველყონ არაორგანიზებული ვაჭრობა.

ცალკე პრობლემაა მაგისტრალზე "მოსეირნე" შინაური ცხოველები, რომელთა მიზეზითაც არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირებულა. საბოლოოდ, უამრავი საკითხია ისეთი, რაც მაგისტრალებზე მოძრაობას აფერხებს და უსაფრთხო გადაადგილებას უქმნის პრობლემას.

ივნისის შუა რიცხვებიდან დაწყებული, ფაქტობრივად, გვიან სექტემბრამდე, ავტომაგისტრალზე მოძრაობა მატულობს. საშვებულებო პერიოდისა და სეზონიდან გამომდინარე, მეტი ადამიანი გადაადგილდება, რაც საგზაო მოძრაობისას რისკს კიდევ უფრო ზრდის. ამიტომ ყოველი ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, საჭესთან ზის თუ ქვეითად მოძრაობს, ვალდებულია საკუთარ და გარშემომყოფი ადამიანების უსაფრთხოებას გაუფრთხილდეს და წინასწარ მიიღოს შესაბამისი ზომები. თუმცა, პირველ რიგში, სახელმწიფო არის ვალდებული, უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება, შემუშავდეს საგზაო მოძრაობის სტრატეგია, რომ შემაშფოთებელი სტატისტიკა შემცირდეს და საბედისწერო საგზაო მონაკვეთი, რომლითაც ხშირად ვსარგებლობთ, "სიკვდილის დერეფნად" არ იწოდებოდეს!

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"