საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა

ქობულეთის შემოვლით გზაზე საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული კვანძი საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას კვეთს და მათ დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში შენდება 18-კილომეტრიანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 7 სატრანსპორტო კვანძი, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე გამავალი სატრანსპორტო კვანძი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,852,079.67 ლარია.