”ეფლ სიტი” სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასამართლოში უჩივლებს

შპს ”ეფლ სიტის” მტკიცებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა სიმართლეს არ შეესაბამება.

კომპანია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას განცხადებით ეხმაურება და ამტკიცებს, რომ აქვთ ”უტყუარი მტკიცებულებები მომწოდებლებისგან, სადაც ნათლად წერია, რომ მობილური ტელეფონები არასდროს ყოფილა ჩართული და გააქტიურებული”.

”მოგეხსენებათ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი დაინტერესდა ჩვენი კომპანიით. დასკვნა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ, დაწერილია არაპროფესიონალის მიერ და ის არ შეესაბამება სიმართლეს. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ”ეფლის” ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც საჯარო და უტყუარია.

საკონტროლო შესყიდვის დროს, რომელიც განახორციელა საგამოძიებო სამსახურმა, ჩვენს კომპანიაში შეძენილი მობილური ტელეფონი IMEI კოდით (013052002462816 ) არის სრულიად ახალი. ამის გადამოწმება ნებისმიერ მსურველს შეუძლია ”ეფლის” ოფიციალურ საიტზე: http://www.selfsolve.apple.com.

სწორედ ამიტომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არის მტკნარი სიცრუე და რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტური თანამშრომლის მიერ დაწერილი, რადგან დასკვნაში წერია, რომ ტელეფონი არის გააქტიურებული და ამის შემდეგ მას გაუვიდა საგარანტიო პერიოდი. ეს არის უბრალოდ უცოდინრობა, რამაც ცუდი ზეგავლენა იქონია კომპანიის ნდობის ფაქტორზე.

კომპანიას აქვს უტყუარი მტკიცებულებები (რომელსაც წარუდგენს სასამართლოს) მომწოდებლებისგან, სადაც ნათლად წერია, რომ მობილური ტელეფონები არასდროს ყოფილა ჩართული და გააქტიურებული. ”ეფლ სიტი” არ ყიდდა, არ ყიდის და არასდროს გაყიდის მეორად პროდუქციას (სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით).

”ეფლ სიტი” არ შეეგუება მისი იმიჯის შელახვას და აპირებს სარჩელი შეიტანოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წინააღმდეგ. უნდა დაისვას კონკრეტული ექსპერტის პასუხისმგებლობის საკითხი, რათა მომავალშიც ჩვენი მომხმარებელი (რომლებსაც ძალიან ვუფრთხილდებით) არ შევიდეს შეცდომაში და ჩვენი კომპანია არ გახდეს მსხვერპლი კიდევ ერთი არაპროფესიონალის,” - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს ”აიფონ პლიუსში” და შპს ”ეფლ სიტიში” შესვლის მიზეზებს განმარტავენ. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლ სიტის“ მიმართ და გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ”მათ შორის განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აიფონის ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, რომლებსაც აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ როგორც ახალ ტელეფონებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდო ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით”, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.