აბასთუმანში ობსერვატორიისა და სახლების რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ, 3 მილიონი დოლარი დაიხარჯება

კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დაიწყება.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, აბასთუმანში 20 სახლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

მისივე ინფორმაციით, ძეგლებად აღიარებული სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ტენდერში შპს "კარკასმა" გაიმარჯვა, რომელმაც პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

,,აბასთუმანში ზოგიერთი სახლი მიშენებებით თვითნებურად დამახინჯბულია. კერძო მესაკუთრეებისგან მივიღებთ ნებართვებს, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე გავმართეთ. რაც შეეხება ობსერვატორიის რეაბილიტაციის პროექტირებას, ამასთან დაკავშირებული ტენდერი კვირის ბოლომდე გამოცხადდება ”, - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.

მისივე ინფორმაციით, ორივე პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დაიწყება, თუმცა როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, ზუსტი ვადები სატენდერო პირობებზეა დამოკიდებული.

ბურჭულაძის ინფორმაციით, პროექტი აბასთუმანში არსებული საბაგიროსა და საბაგირო სადგურების რეაბილიტაციას, ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, კაფე-ბარისა და დასასვენებელი სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება ზეკარის უღელტეხილის გზის რეაბილიტაციაც. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად გაზრდის აბასთუმანში ტურისტების ნაკადს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ, 3 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯება. დაზუსტებული ღირებულება კი პროექტის საბოლოო სახის დადგენის შემდეგ გახდება ცნობილი.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე