ინდოელი რეჟისორები საქართველოში რომანტიკულ თრილერს იღებენ

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ბათუმში ინდური ფილმის გადასაღები მოედანი დაათვალიერა.

ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარე გადაღების პროცესს ვიცე-პრემიერი ადგილზე გაეცნო და ინდოელ პროდიუსერებსა და წამყვან მსახიობებს გაესაუბრა.

„სასურველია საქართველოში მეტი და მეტი ფილმი იყოს გადაღებული. ჯამში, 3 მილიონ დოლარზე მეტია ფილმის ბიუჯეტი. 6-ზე მეტ რეგიონში მოხდება გადაღებები და საქართველოში, ჯამურად, 400-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ძალიან დიდი კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა უმოკლეს პერიოდში“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები 65 დღის განმავლობაში რომანტიკულ თრილერს Machine ადგილობრივ საპროდიუსერო და სარეკლამო კომპანიასთან „ბეთერფლაი“ თანამშრომლობით სრულად, მხოლოდ საქართველოში გადაიღებენ.

კინოოპერატორთა ობიექტივში ძირითადად ქალაქები - ბათუმი და მესტია მოექცევა. გადაღებები ბათუმში 24 მაისს დაიწყო, რომელშიც ცნობილი ინდოელი მსახიობები Mustafa Burmawala, Kiara Advani, Ishan Shankar და Carla Dennis მონაწილეობენ. კინოწარმოების პროცესში ასევე ჩართულია 70-ზე მეტი ქართველი მსახიობი, ხოლო მასიური სცენების გადაღებებისას დასაქმდება 200-ზე მეტი ადამიანი.