TV8-ის ბაზაზე კულტურის არხი იხსნება

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ქართულ კულტურას დამოუკიდებელი მაუწყებლობა ექნება, რომელიც TV8-ის ბაზაზე იქმნება. ამის შესახებ კულტურის პალატაში აცხადებენ.

,,ქართული კულტურა ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი და წმინდა კულტურული ტელევიზია’’, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

როგორც საქართველოს კულტურის პალატაში აცხადებენ, საქართველოში კულტურის არხს ერთ-ერთი არაბული ქვეყნის წარმომადგენელი შეიხი დააფინანსებს. ტელევიზია სრულიად აპოლიტიკური მიმართულებით იფუნქციონირებს და მხოლოდ კულტურულ სიახლეებზე იქნება ორიენტირებული, ასევე იქნება კულტურულ ამბებთან დაკავშირებული საინფორმაციო გამოშვებები და სხვა პროექტები. მათივე ინფორმაციით, შემოქმედ ადამიანებს, კულტურის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება თანხის გადახდის გარეშე, თავიანთ პროდუქცია წარუდგინონ საზოგადოებას.

ამ დროისთვის, არხზე მიმდინარეობს სამზადისი და მალე კულტურის არხი საინტერესო პროექტებით და გადაცემებით წარსდგება მაყურებლის წინაშე.