საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 103%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 103%-ით გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016 წლის პირველი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის I კვარტალში 376 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103 %-ით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე.

წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 1331 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი - 36 %-ით, მეორე ადგილზეა - თურქეთი 15 %-ით, ხოლო მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 12 %-ით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის I კვარტალში 79 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 58 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 40 მლნ აშშ დოლარით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე