„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის შენობა მსოფლიოს 10 საუკეთესო ბრუტალისტურ შენობას შორის მოხვდა (+ფოტო)

„ბიბისი“ მსოფლიოს მასშტაბით 10 საუკეთესო და ულამაზესი ბრუტალისტური შენობის ჩამონათვალს აქვეყნებს.

ჩამონათვალში ასევე მოხვდა საქართველოს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს შენობა, რომელიც 1975 წელს აიგო. შენობა ამჟამად „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის და მასში ბანკის სათავო ოფისია განლაგებული.

„უფრო კონსტრუქტივისტული, ვიდრე ბრუტალისტური. ეს საოცრება გიორგი ჩახავას ეკუთვნის, რომელიც თავის დროზე საქართველოს საავტომობილო გზების მინისტრი იყო, პარალელურად კი არქიტექტორიც. შენობა 1920-ანი წლების რუსული რევოლუციური არქიტექტურის შთაგონებითაა შექმნილი. ჩახავას თქმით, შენობის სტრუქტურული ფუძე ბუნებაშია ფესვგადგმული. მისი მიზანი იყო შეძლებისდაგვარად პატარა მიწის მონაკვეთზე აეგოთ მრავალსართულიანი შენობა, რომელიც ხის ტოტებივით გაიშლებოდა სართულებს შორის. საბოლოო ჯამში, შთამბეჭდავი დიზაინის შენობა გამოვიდა. 2007 წელს შენობას რესტავრირება ჩაუტარდა და ამჟამად „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისია“, - ნათქვამია „ბიბისის“ სტატიაში.

ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ისეთი ცნობილი არქიტექტურული შენობები, როგორიცაა ნიუ იორკის ორინჯის საგრაფოს სასამართლო შენობა, ლონდონის ტრელიკის ცათამბჯენი, რუსეთის საელჩო კუბაში და სხვა შესანიშნავი ნაგებობები.

იხილეთ ფოტოგალერეა