ჯორჯ სოროსი ფინანსურ ბაზარს დაუბრუნდა

ფინანსისტი ჯორჯ სოროსი, რომელიც ბოლო წლებში ძირითადად, საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული, ფინანსურ ბაზარზე ოპერაციების მართვას დაუბრუნდა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სოროსის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებმა. ამერიკელი ფინანსისტი მიიჩნევს, რომ ახალი შესაძლებლობების დრო დადგა.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, წლის დასაწყისიდან 85 წლის ფინანსისტი სულ უფრო მეტ დროს ატარებს Soros Fund Management-ის ფონდის ოფისში, რომელიც სოროსის ოჯახის კუთვნილ 30 მილიარდი აშშ დოლარის აქტივობებს მართავს.

ბოლო პერიოდში ფონდმა აქციების პაკეტები გაყიდა და მიღებული თანხით ოქროს მომპოვებელი კომპანიების ფასეული ქაღალდები და ოქრო შეიძინა.

გამოცემა მიიჩნევს, რომ ჯორჯ სოროსი მსოფლიო ეკონომიკის ვარდნის ფონზე, მსხვილი საბირჟო სპეკულაციების განხორციელებას გეგმავს.