დისკვალიფიკაციის გამო მარია შარაპოვა სულ მცირე 50 მილიონ დოლარს დაკარგავს

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა დისკვალიფიკაციის გამო მილიონობით დოლარით დაზარალდება. ამის შესახებ „ფორბსი“ წერს.

გამოცემის თანახმად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში შარაპოვას ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის უფლება არ ექნება, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ტურნირებიდან 50 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს დაკარგავს.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მარია შარაპოვას 2-წლიანი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ სპორტსმენი აკრძალულ პრეპარატებს იღებდა.

რუსი ჩოგბურთელის შემოსავალზე ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რადგან რიგმა საერთაშორისო კომპანიებმა მარია შარაპოვასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

„ფორბსის“ ვერსიით, მარია შარაპოვა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სპორტსმენების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. მისი ქონება 285 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.

დისკვალიფიკაციის ვადის დასრულების შემდეგ მარია შარაპოვა 31 წლის იქნება, ეს კი ის ასაკია, როცა ჩოგბურთელები სპორტულ კარიერას ასრულებენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე