თბილისში 150 ახალი ავტობუსი სექტემბრიდან გამოჩნდება

თანამედროვე, უსაფრთხო ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ავტობუსები თბილისში სექტემბრიდან გამოჩნდება.

თუმცა დედაქალაქის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საბოლოო გადაწყვეტილებებს ელიან.

„თითქმის ყველაფერი დასრულებულია და ახალი ავტობუსების შემოყვანაც გადაწყვეტილია, მაგრამ საბოლოო სიტყვას EBRD იტყვის, მათ დასკვნას ველოდებით. EBRD თავიდანვე იყო ჩართული სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში და ბოლომდე მონაწილეობს ამ პროცესში. ავტობუსების შესაძენად გრანტიც EBRD-მა გამოყო“, - აცხადებენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, ჯერ ყველასათვის უცნობია, თუ რომელი კომპანია გაიმარჯვებს ტენდერში, მაგრამ როგორც კი EBRD-ის პოზიცია გახდება ცნობილი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მალევე გამოვლინდება.

„სწორედ გამარჯვებული კომპანია შემოიყვანს დედაქალაქში ახალ ავტობუსებს. ეს არის ევროპული დონის ავტობუსები, რომლებიც CNG-ის ტიპის საწვავზე ანუ დაწნეხილ ბუნებრივ აირზე მუშაობს. CNG-ის ტიპის საწვავი კი, ეკოლოგიურად სუფთა და ამავე დროს, ეკონომურია. ახალი ავტობუსები სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან“, - ამბობენ მერიაში.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტობუსების რაოდენობა 150 იქნება. უახლესი ტრანსპორტი იმ უბნებს მოემსახურება, სადაც უფრო მეტი საჭიროება იქნება. მათი გადანაწილებაც ამის მიხედვით არის დაგეგმილი.

ხათუნა ჩიგოგიძე