ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხს კამათი მოჰყვა. როგორც ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ოფიციალური დოკუმენტაცია აქვთ, რომლითაც დასტურდება, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება და ამაზე მემორანდუმიც არის გაფორმებული, რომელსაც ხელს კახა კალაძე აწერს.

აბესაძე დაინტერესდა, საკრებულო ფლობს თუ არა ამის შესახებ ინფორმაციას. მანვე აღნიშნულის გამო მერია და საკრებულო გააკრიტიკა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ტყემალაძის თქმით, არანაირი ჰესის მშენებლობა ბოტანიკურ ბაღსა და მის გარშემო არ იგეგმება. მისივე თქმით, ამის შესახებ მერიისგან განცხადება არაერთხელ გაკეთდა.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ განაცხადა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” წამოწევს საკითხს და მერე ამაზე ერთობა.

"ფიზიკის გაკვეთილზე ნამყოფი ხართ საერთოდ? ასეთი ჰესის აშენება საერთოდ წარმოუდგენელია და არ იგეგმება. მასე, თავისუფლების მოედანზე ატომური სადგურის აშენება მინდა. წამოწევთ საკითხს, ამით ერთობით და ჩვენც დროს გვაკარგვინებთ", - განაცხადა მალაღურაძემ.

ამასთან, საკრებულოს გადაწყვეტილებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახს ბინა გადაეცა.