დავით ნარმანია - ვერეს ხეობაში ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები შენდება

ვერეს ხეობაში ორ ადგილას ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები შენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს თამარ ბაგრატიასთან ერთად დღეს სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალისტებმა წყლის დონის მზომი და ნელექმზომი მოწყობილობები დაამონტაჟეს. თბილისის მერი მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სისტემის სამუშაო პროცესს გაეცნო. ნარმანიამ იმ სისტემების შესახებაც ისაუბრა, რაც ძლიერი ნალექების შემთხვევაში მდინარეს უსაფრთხოს გახდის და რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.

მისივე თქმით, მდინარეზე ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები ორ ადგილზე შენდება, რომელშიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩართული.

„კეთდება მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომელიც მისი კალაპოტის მცირედით ცვლილებებს, გამაგრებას მოიცავს. გარდა ამისა, სახიდე გადასასვლელი გავაკეთეთ იქ, სადაც შედარებით ვიწრო ტერიტორია იყო და გასული წლის სტიქიის დროს გვირაბი დაზიანდა. ამდენად, ხიდმა მოგვცა საშუალება, უფრო მეტი წყლის მასა გავატაროთ და ძლიერი ნალექების შემთხვევაში, აქ საფრთხე არ არსებობს. ასევე, მყარად გავაკეთეთ გვირაბების სათავის მოწყობილობები. უშუალოდ დატბორვის ზონაში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, ვინაიდან ყველა სახლი გამოვისყიდეთ და დემონტაჟი გავუკეთეთ. ასე რომ, რისკის დონე მინიმუმამდე არის დაყვანილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.