კლიენტი ყოველთვის მტყუანია?!

"საჩივრების სიმრავლე აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ბრენდული ტექნიკის ნაწილი, რომელიც საქართველოს ბაზარზე იყიდება, არ არის ქარხნული წარმოების, ყალბი, წუნდებული, მეორეული ან შეკეთებულია"

"ისეც მომხდარა, რომ ახალშეძენილი პორტატიული კომპიუტერის დოკუმენტებს შეკეთების აქტი ახლდა თან. როგორც ჩანს, ვიღაცას მისი ამოღება დაავიწყდა"

იყიდება თუ არა საქართველოს ბაზარზე მეორეული ტექნიკა ახლის ფასად და რამდენად დაცულია მომხმარებელი ასეთი შენაძენისგან? - ამ კითხვებს მეტი აქტუალურობა შესძინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობამ, რომ ის შპს "აიფონ პლუსსა" და შპს "ეპლსიტიში" შევიდა, რისი მიზეზიც საკონტროლო შესყიდვა გახდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიები მეორეულ ტელეფონებს ახლად ასაღებდნენ და ისე ყიდდნენ. საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება კომპანიების მიერ მობილური ტექნიკის იმპორტისა და გაყიდვის ყველა დეტალს დაადგენს.

მობილურების საქმე

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განგვიმარტეს, პირველ ჯერზე მობილური აპარატების ის მოდელები შეისყიდეს საკონტროლოდ, რომლებიც, შესაძლოა, მეორეული ყოფილიყო, რაც, მათი თქმით, დაადასტურა კიდეც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მასალებში დევს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ კონკრეტულ სავაჭრო ობიექტებში საკონტროლო შესყიდვისას ამოღებული ყველა მობილური აპარატი არ არის ქარხნულად ახალი და ნამყოფია ექსპლუატაციაში.

საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, სწორედ ეს გახდა შემდეგი ოპერატიული მოქმედებების საფუძველი, რომლის დროსაც "აიფონ პლუსიდან" და "ეპლსიტიდან" 222 მობილური აპარატი ამოიღეს და ექსპერტიზაც დაინიშნა.

"გააქტიურებული ტელეფონი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ნახმარია"

კახა სეფაშვილი, "აიფონ პლუსის" გენერალური მენეჯერი: "ჩვენ არ გვინახავს­ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და მხოლოდ საგამოძიებო სამსახურის ზეპირი განმარტებით ვიცით, რომ თითქოს ჩვენთან შეძენილი ტელეფონი ქარხნულად ახალი არ აღმოჩნდა. მთავარი და ყველაზე საინტერესო მთელ ამ ამბავში ის არის, როგორ დაიწერა სამხარაულის ბიუროში ეს დასკვნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ექსპერტიზის სტანდარტებს არ შეესაბამება. IMEI (მობილური მოწყობილობის საერთაშორისო მაიდენტიფიცირებელი კოდი) კოდით მარტივია დადგენა, არის თუ არა ტელეფონი ახალი. ამისთვის საკმარისია "ეპლის" ოფიციალურ ვებგვერდზე კოდის ჩაწერა, რის შემდეგად მიიღებთ ინფორმაციას, როდის ჩაირთო პირველად კონკრეტული მობილური აპარატი და როდის არის გააქტიურებული. ისიც საგულისხმოა, რომ თუ ტელეფონი უკვე გააქტიურებულია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ნახმარია. მაგალითად, როცა მობილური ტელეფონები საქართველოს საზღვარს კვეთს, 1000 ტელეფონიდან 2-3-ს მებაჟეები ამოწმებენ და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი უკვე გამოყენებულია.

საზოგადოება რომ ჩვენს სიმართლეში დავარწმუნოთ, ჩვენ გავასაჯაროეთ იმ ტელეფონების IMEI კოდების სია, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "აიფონ პლუსის" მაღაზიებიდან ამოიღო. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია კოდების გადამოწმება "ეპლის" ოფიციალურ ვებგვერდზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული 222 მობილური ტელეფონიდან, მხოლოდ ორი საჩვენებელი, შოურუმისთვის განკუთვნილი მოწყობილობაა გააქტიურებული. ეს ის ტელეფონებია, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს ტელეფონის შეძენამდე საშუალება აქვს, გაეცნოს ტელეფონების მახასიათებლებს, ფუნქციებსა და შესაძლებლობებს".

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 13 ივნისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი