ტექნოლოგიურ პარკში საინფორმაციო ტური გაიმართა

ტექნოლოგიურ პარკში საინფორმაციო ტური გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციების განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით დაიწყო სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა ინოვაციური ლაბორატორიებით ე.წ. FabLab-ის დაზგა-დანადგარები, რომლებიც ქმნიან კრეატიულ სივრცეს სასწავლებელში, საშუალებას აძლევს სტუდენტს დაინტერესდეს სამეწარმეო საქმიანობით და მოახდინოს ინოვაციური იდეების რეალიზება. ლაბორატორია ასევე ეხმარება სასწავლებელს, შექმნას ინოვაციური სწავლების პლატფორმა და დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მოთხოვნები მაღალტექნოლოგიური პროცესების მართვის შესახებ.

FabLab-ის დანადგარების მოხმარების სპეციფიკის გასაცნობად, საქართველოს ტექნოლოგიების პარკში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის, საინფორმაციო ტური გაიმართა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

”საინფორმაციო ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე არსებულ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab დაათვალიერეს, სადაც დამონტაჟებულია თანამედროვე დანადგარები (ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი და ა.შ.). გაეცნენ დანადგარების შესაძლებლობებს და არსებულ ნიმუშებს, რომლებსაც სხვადასხვა ბიზნესები უკვე ყიდიან და ისინი სწორედ ფაბლაბშია დამზადებული. ასევე ნახეს თანამედროვე ტექნოლოგიები (ვირტუალური რეალობის სათვალე, ჭკვიანი მაჯის საათი, მძლავრი კომპიუტერები და სხვა.), რომლებიც განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების შოურუმებში. სტუდენტები ასევე გაეცნენ პრეზენტაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამებისა და ტექნოპარკის შესაძლებლობების შესახებ, მიიღეს ინფორმაცია ისეთ, პროექტებზე, რომლებიც პროფესიული მიმართულებების განვითარებას უწყობს ხელს და რომლის ფარგლებშიც, მათ შეუძლიათ საკუთარი ცოდნის რეალიზება უკვე რეალური პროდუქტების შექმნით მოახდინონ, რომელსაც გაყიდიან და აქცევენ შემოსავლის წყაროდ”, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.