ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

გადამზიდავ კომპანიებში დასაქმებულებმა ფოთის პორტის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. საუბარია იმ ცვლილებაზე, რომელიც ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.

ფოთის საზღვაო ნავსადგური პორტში შემოსულ კონტეინერებს თავის საკუთრებაში არსებულ ტერმინალზე განათავსებს, რის შედეგადაც სხვა ტერმინალები უფუნქციოდ რჩებიან. საუბარია დაახლოებით 15-მდე ტერმინალზე და ამდენივე გადამზიდავ კომპანიაზე.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 4 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება. აქცია მასშტაბური იყო და მას გადამზიდავ კომპანიებში დასაქმებულების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეები დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვენ.

ფოთის პორტის ოპერაციების დირექტორი ფრანცისკო პინზონი აცხადებს, რომ ის ცვლილება, რაც 1-ელი ივლისიდან შევა, ანუ ინტეგრირებული ოპერირება ფოთის პორტს გახდის მომავალში უფრო კონკურენტუნარიანს.

„გასაგებია ჩვენთვის მათი შეშფოთება, ჩვენი მიზანი და ვალდებულება საქართველოს მთავრობის წინაშე არის ის, რომ შევქმნათ თანამედროვე, უმაღლესი დონის ნავსადგური, რაც გულისხმობს ნავსადგურში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებისა და უახლოესი ტექნოლოგიების დანერგვას. ის ცვლილება, რაც 1 ივლისიდან შევა, ანუ ინტეგრირებული ოპერირება ფოთის პორტს და ქალაქს გახდის მომავალში უფრო კონკურენტუნარიანს არსებული და პოტენციური ნავსადგურების მიმართ“,- აცხადებს ფოთის პორტის ოპერაციების დირექტორი ფრანცისკო პინზონი.

დღეს შეკრებილებს სოლიდარობა საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირებმაც გამოუცხადეს, აქციას თავმჯდომარე ლავრენტი ალანია ესწრებოდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ თუ საპროტესტო აქცია შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა, ფოთი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვას.