”ჩვენმა დაუფიქრებელმა და დაუგეგმავმა მშენებლობამ ადამიანების მსხვერპლი მოიტანა”

”ჩვენ ვაშენებთ ბრმად გზებს, სახლებს. ამას შენებას ვეძახით და ამ დროს ეს არის ნგრევის მომტანი და სწორედ ამისი ბრალია 13 ივნისის ტრაგედია”, - ამის შესახებ არქიტექტორმა ირაკლი ჟვანიამ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში მშენებლობები ბევრი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე ხორციელდება:

”ჩვენმა დაუფიქრებელმა და დაუგეგმავმა მშენებლობამ, გზები იქნება, ინფრასტრუქტურა თუ სახლები, მოიტანა ადამიანების მსხვერპლი. და ეს ჩვენთვის საკმარისი გაკვეთილი არ არის. დღესაც, ქალაქში გრძელდება ასეთი მშენებლობები. რამდენიმე მაგალითია: მთის, კლდეების ჩამოჭრა, კორპუსების ჩადგმა, იქნება ეს პანორამა, კერძო კორპუსის მშენებლობები მთაწმინდის ფერდობზე, სოლოლაკის ფერდობებზე თუ სხვაგან. ქალაქში უკვე ადგილი არ არის. მენაშენეები შესეულები არიან უკვე კლდეებს, მთებს, ჭრიან იმისთვის, რომ ჩაიდგას შენობები, მერიას გაყავს ხეობებში გზები. შატბერაშვილის ქუჩაზეც იგივე ხდება. როდის ჩამოწვება, რომელი ნალექის დროს, რომელი მეწყერის დროს, რომელი მთა ან კლდე მოწყდება, რომელ გზას დატბორავს, რამდენ ადამიანს დაახრჩობს, რამდენ ადამიანს კორპუსების ნანგრევების ქვეშ მოიყოლებს, ეს კიდევ კაცმა არ იცის”, - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ.

მისივე თქმით, ყოველივე აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი ქალაქის დაგეგმარების პროცესის და შესაბამისი სამსახურის არარსებობაა:

”ჩემთვის ყველაფრის გამომწვევი ზოგადი მიზეზი ის არის, რომ არ ხდება ქალაქის დაგეგმარება, რაც არ ნიშნავს კონკრეტულ ადგილებზე სამშენებლო პროექტების ასე პირდაპირ ჩადგმას და ჩაყრას. რაც შეეხება ბუნებრივ კატასტროფებს, ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ ნორმალურ ქალაქში, მით უმეტეს, როდესაც მთელ მსოფლიოში საქმე გვაქვს კლიმატის ცვლილებასთან, ქალაქის მერიის ქალაქგეგმარების დეპარტამენტებში არსებობს სპეციალური განყოფილებები, რომლებიც მუშაობს ქალაქის დაგეგმარებაზე, სწორედ ბუნებრივი კატაკლიზმების კუთხით”, - აღნიშნა ირაკლი ჟვანიამ.