თხილის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში 16055 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (თხილის გული) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.

”შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ფორდის მარკის ა/მანქანა, რომლითაც ხორციელდებოდა ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (თხილის გული) ტრანსპორტირება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 16055 ლარი.

აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.