რუსთავში კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

რუსთავში, კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. რუსთავის ცენტრალურ გამზირზე დღეისათვის სანიაღვრე ქსელი და დეკორატიული კედელი ეწყობა. პარალელურად, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რესტავრაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით,  პროექტი კოსტავას გამზირის #1-დან #17-მდე და ფიროსმანის #3 და #5 საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და მინათებების მოპირკეთებას ითვალისწინებს. დაზიანებული შენობები გამაგრდება არმირებული ბადეებით და გაილესება, ძველი და დაზიანებული არქიტექტურული ორნამენტები ახლით შეიცვლება, კორპუსებს დაუბრუნდება პირვანდელი სახე და შეიღებება წყლისა და მტვრისგან დამცავი მაღალი ხარისხის საღებავით, შენობებზე დამონტაჟდება თანამედროვე სანათები, შეიცვლება ყველა ძველი კარი, შეიღებება ხის ფანჯრები, მოეწყობა საცრემლეები და მარკიზები. რეაბილიტაციის ფარგლებში იცვლება სანიაღვრე სისტემა, გზის სავალ ნაწილზე დაიგება 18 სმ. სისქის არმირებული ბეტონის საფარი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები. სავალი ნაწილის ზედაპირი მოპირკეთდება ბუნებრივი ფლეთილი ქვით, ტროტუარსა და გაზონს შორის მოეწყობა ბაზალტის ქვით მოპირკეთებული დეკორატიული კედელი, გაზონები შემოიღობება ლითონის დეკორატიული ღობით და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, რომელიც მდინარე მტკვრიდან გაფილტრული წყლით მომარაგდება, მოეწყობა 4 სმ სისქის დაწნეხილი ფილებით გაფორმებული ტროტუარი, სადაც განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და სასმელი წყლის შადრევნები, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ და ტროტუარზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა. 5 363 393 ლარის ღირებულების პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. სამუშაოებს მერიის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დაგი’’ ახორციელებს.

რუსთავის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.