ყველაზე ძვირფასი ბეწვეულის TOP-ათეული

TOP რეიტინგი გთავაზობთ ყველაზე ძვირფასი ბეწვეულის ათეულს.

თახვი

ქურქის ფასი

1.500-2.000 დოლარი

პოპულარული ბეწვია, რომელიც საშუალო ფენისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ელიტური ქურქებისთვისაც იყენებენ. ბეწვი ხშირი და რბილია. იტანს სინესტეს და საუკეთესოდ იცავს სიცივისგან. ფერთა გამა იცვლება ღია ყავისფრიდან ძალიან მუქამდე. თახვის ბეწვი გამძლეა - მისი ტარება 18-20 სეზონი შეიძლება.

შავმურა მელა

ქურქის ფასი

2.000-3.000 დოლარი

რუსეთში ძველთაგანვე ცნობილი ბეწვია ("ჩერნობურკა"), რომელიც წარმართულ წეს-ჩვეულებებშიც გამოიყენებოდა. პოპულარული პირველად პეტერბურგის ელიტის წყალობით გახდა. შავმურა მელას ბეწვი ხშირი, გრძელი, მდიდრული და ძალიან თბილია. ცვეთისადმი მედეგია. ფერთა გამა - ღია რუხიდან ძალიან მუქამდე, ნაცრისფერ-შავი ჩანართებით.

ყარყუმი

ქურქის ფასი

3.500-5.000 დოლარი

ნაზი "სამეფო" ბეწვი, რომელიც ძველთაგანვე მიჩნეული იყო უმაღლესი არისტოკრატიისა და ქვეყნის მმართველთა სამოსად. ყარყუმის ბეწვი ქათქათა მხოლოდ ზამთრობით ხდება ცივ რეგიონებში - კანადაში, ციმბირში, ლაპლანდიაში. ყარყუმის ბეწვი, სხვა ბეწვეულთან შედარებით, ადვილად ცვდება.

ყარსაღი

ქურქის ფასი

5.500-6.000 დოლარი

ეს ბეწვიც ("პესეცი") ელიტურ მასალად ითვლება. ბუნებაში ყარსაღს ორგვარი შეფერილობა აქვს - ცისფერი და თეთრი. პირველი გაცილებით იშვიათი და ძვირად ღირებულია. გრძელბუსუსიანი ყარსაღის ბეწვი ძალიან თბილი, ფაფუკი და კომფორტულია.

კვერნა

ქურქის ფასი

6.000-7.000 დოლარი

კვერნის ბეწვი მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი ფერთა გამის გამო ევროპაში ძველი დროიდან სიასამურს ანაცვლებდა, რადგან ეს უკანასკნელი, პრაქტიკულად, მხოლოდ რუსეთში მოიპოვებოდა. უფრო ფასეულია ზამთარში მოპოვებული კვერნის ბეწვი, რადგან ის ხშირი, გრძელბუსუსიანი და ლამაზია. კვერნის ბეწვი ყველაზე ნაკლებად ალერგიულია, რადგან სტრუქტურის გამო კარგი ვენტილაცია აქვს და მტვრის ნაწილაკებსაც ყველაზე ნაკლებად იკრავს.

წაულა

ქურქის ფასი

8.000-დან 15.000 დოლარამდე

სწორედ წაულას ("ნორკა") ბეწვს იყენებენ ყველაზე ფართოდ ბეწვეულის მწარმოებლები, რადგან, ექსპერტების განმარტებით, წაულას ქურქი იდეალური არჩევანია ხარისხისა და ფასის შეფარდებისას. წაულას ქურქი მოდაში ჰოლივუდის ვარსკვლავებმა შემოიღეს, გასული საუკუნის 30-იან წლებ¬ში. აბრეშუმისებრი ბეწვი გამოირჩევა სიმსუბუქით და ძალიან დიდხანს ინარჩუნებს იერსახეს. აღსანიშნავია, რომ წაულას ბეწვი იღებება, მუშავდება ლაზერით, კრეჭენ… ამასთან, იდეალური მასალაა სხვა მასალებთან კომბინაციის შესაქმნელად.

შინშილა

ქურქის ფასი

20.000-დან 200.000 დოლარამდე

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ შინშილას აქვს საუკეთესო ბეწვი. სამხრეთ ამერიკის ბინადარი მღრღნელის ბეწვი მეტად მსუბუქი, აბრეშუმისებრი და გასაოცარი სიხშირისაა - თუ სხვა ძვირფასბეწვიანი ცხოველების საფარის თითო ბოლქვიდან თითო ბეწვი იზრდება, შინშილას ბოლქვიდან მათი რაოდენობა 60-80-ია! ასეთი სიხშირე გამორიცხავს პარაზიტების გაჩენას. 3 სმ სისქის უნიკალური სტრუქტურის ბეწვის საფარი უაღრესად ნაზი და დრეკადია. სილამაზით გამორჩეული შინშილა დიდად ფასობდა ინდიელთა ძველი ცივილიზაციების ეპოქაშიც - მას მხოლოდ სამეფო ოჯახების წარმომადგენლები იცვამდნენ, მღრღნელებს კი კანონი იცავდა...

ფოცხვერი

ქურქის ფასი

50.000-დან 250.000 დოლარამდე

მეტად იშვიათი და ძვირფასბეწვიანი ფოცხვერი განუმეორებელი "პრინტით" გამოირჩევა. თუმცა, ფასეულია მხოლოდ მუცლის თეთრი, რბილი ბეწვი, რომელიც მით უფრო ძვირია, რაც უფრო მკვეთრად არის გამოხატული შავი ლაქები. მთლიანად ფოცხვერის ბეწვისგან შეკერილი ქურქი ძალიან იშვიათია. მას ძირითადად, სხვა ბეწვის ქურქების გასაწყობად იყენებენ.

სიასამური

ქურქის ფასი

250.000 დოლარიდან

ყველაზე სახელგანთქმული ბეწვეულია, რომე¬ლიც ყველა ეპოქაში სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ხარისხითა და სილამაზით მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. განსაკუთრებით ლამაზია ბაიკალის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ბარგუზინი) ბინადარი სიასამურის ბეწვი - შოკოლადისფერ ფონზე მოვერცხლისფრო ჩანართებით და მოცისფრო ელფერის ბუსუსებით.

ვიკუნია

ქურქის ფასი

300.000 დოლარიდან

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ბეწვი პერუს ბინადარ ლამების ოჯახის ცხოველს - ვიკუნიას აქვს. მისი ბეწვი თხელია, მაგრამ ძალიან რბილი და ხშირი, რის გამოც შესანიშნავად იცავს სიცივისგან. ვიკუნიას ბეწვის ქურქი იშვიათად იკერება. ამჟამად, მისი ბეწვისგან ამზადებენ უმაღლესი ხარისხის შალის ქსოვილს და 1 მ სიგრძის ფასი 5 ათასი დოლარია. ამასთან, ვიკუნიას ქსოვილისგან მხოლოდ ცნობილი ბრენდების სამოსი მზადდება (ყველაზე ფართო ასორტიმენტი მოდის სახლ Loro Piana-ს აქვს).

აღსანიშნავია, რომ პერუელები ვიკუნიას თავდაპირველად კრეჭდნენ. მერე, როდესაც მისი ქურქის ფასი ასტრონომიული გახდა, ვიკუნიაზე ნადირობაც დაიწყეს. შედეგად, წინა საუკუნის 60-იან წლებისთვის ვიკუნიას რაოდენობამ კატასტროფულად დაიკლო და მათი დახოცვა აიკრძალა. პერუელები იძულებული გახდნენ, მამა-პაპურ მეთოდს დაბრუნებოდნენ...

წყაყო: TOP რეიტინგი