ივანიშვილი „სენტა ჯგუფის“ და კეზერაშვილის საქმეზე – დღეს, ერთადერთი გზა არის სასამართლო, ამ მიმართულებით უნდა იყოს წინსვლა

საქართვლოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სააგენტოებისა და პრესის ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა: "სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, კითხვების არსებობა, ჩემი აზრით, ობიექტურია. მეც ვიცი, რომ დარჩენილია მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ვისაც ასე ვთქვათ, ეს მოლოდინი მობეზრდა. ძალიან ბევრი საქმეა პროკურატურაში და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. ათასობით საქმე დასახელდა, მაგრამ დამოკიდებულება სამართლიანობის აღდგენის მიმართ და დამოკიდებულება, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ შეიქმნა, გრძელება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ეს პროცესი გადადებულია. კონკრეტულ „ქეისებზე“ მე ვერ გიპასუხებთ... ზოგადად, სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ქონებრივში, ნაწილობრივ გეთანხმებით. თქვენც, ჟურნალისტებს შეგიძლიათ, თქვენი საქმიანობით პროკურატურა ზედმეტად შეაწუხოთ და გაააქტიუროთ”.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ეხებოდა, მათ შორის კეზერაშვილის მიერ „სენტა პეტროლიუმ ჯგუფისთვის“ ბიზნესის წართმევის, ზურაბ ადეიშვილის, დავით ახალაიას მიმართ არსებულ ბრალდებებს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ დღეს ერთადერთი გზა სასამართლოა და ამ მიმართულებით წინსვლაა მოსალოდნელი.

„ზოგადად, სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ხალხს ეს დამოკიდებულება ჰქონდა იმ ძალადობასთან, რაც ხდებოდა. საზოგადოებას განცდა აქვს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა სრულყოფილად. იგივე პროკურატურაში, ძალიან ბევრმა იცის, რომ ვიღაცას რაღაც წაართვეს, ვიღაცას რაღაც დააკლეს, ვიღაცას რაღაც დაუზიანეს, მაგრამ პროკურატურას სჭირდება ჩვენებები და ამ ყველაფრის დასაბუთება, სხვანაირად სასამართლოც არ მიიღებს. ძალიან ხშირად, არ არის მოწმე, არ არის მტკიცებულებები და ა.შ.

დღეს, ერთადერთი გზა არის სასამართლო, ამ მიმართულებით უნდა იყოს წინსვლა და ამ მიმართულებით განვითარდეთ. მომავალში უკეთესი სასამართლო გვინდა. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.