გურიაში საშიში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები გურიის რეგიონში საშიში მავნებლის - არაფარდი პარკხვევიას (Ocneria dispar L) საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებლის გამოჩენა არამდგრადმა ამინდებმა გამოიწვია, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულად მიიღო შესაბამისი ზომები. ქიმიური წამლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 200 ჰექტარი ფართობი თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება, რაც ადამიანისა და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა. მავნებლის სალიკვიდაციო სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

არაფარდი პარკხვევია ფოთლოვანი ტყის მავნებლად ითვლება, თუმცა, არანაკლები ინტენსივობით აზიანებს ხეხილსა და დეკორატიულ მცენარეებს, საკვების ნაკლებობისას კი წიწვოვან და თავთავიან კულტურებზეც გადადის. მასობრივი გამრავლების შემთხვევაში, შესაძლოა, მათი გახმობაც გამოიწვიოს.