აფბა - მედიკამენტების ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად მომატებულია

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა), არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლატფორმასთან“ ერთად, მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს განაგრძობს.

აფბა-ს ინფორმაციით, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, მაისის თვეში, აპრილთან შედარებით, „ფანასკერტელის ინდექსი“ 17,43%-ით გაიზარდა და 13 პუნქტი შეადგინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად მომატებულია. კერძოდ, 200 დასახელების მედიკამენტიდან, რაც წარმოადგენს დაკვირვების ობიექტს, 78-ზე ფასები გაზრდილია, ხოლო 6-ზე უმნიშვნელოდ შემცირებული, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის“ ზრდა განაპირობა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს რამდენიმე გარემოება, რამაც მედიკამენტებზე ფასების ზრდა განაპირობა. პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია ფარმაცევტული კომპანიების მიერ მოგების მაქსიმიზაციისკენ მიმართულ სტრატეგიასთან, რაც, როგორც წესი, სხვადასხვა მარკეტინგული აქციებით ან ფასების ზრდით მიიღწევა. აფთიაქებმა, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელ ხერხს მიმართეს და მას შემდეგ, რაც ექვსი თვის განმავლობაში ძირითადად კლება შეინიშნებოდა, კვლავ გაზარდეს ფასები, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ფასებით საკმაოდ მოხერხებულად მანიპულირებენ. კვლევის დაწყების პირველ ეტაპზე, როდესაც ბაზარზე ახალი ძლიერი მოთამაშე გამოჩნდა „ჰუმანითი ჯორჯიას“ სახით, ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელობამ ერთობლივად განაცხადეს, რომ ბაზრის დივერსიფიცირება მათთვის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი იყო. ვინაიდან „ჰუმანითი ჯორჯიამ“ გენერიული დასახელების მედიკამენტები მომხმარებლებს მინიმუმ 30%-ით გაიაფებული შესთავაზა, უკვე არსებულმა კომპანიებმა საპასუხოდ მნიშვნელოვნად დასწიეს ფასები და ამის აქტიურ PR კამპანიასაც ეწეოდნენ და რაც დაადასტურა კიდეც „ფანასკერტელის ინდექსმა“, მაგრამ დაახლოებით 5 თვის გასვლის შემდეგ, როდესაც „ჰუმანითი ჯორჯიას“ ეფექტი გაქრა, კომპანიებმაც არ დააყოვნეს და მედიკამენტებზე ფასები ისევ გაზარდეს”, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.

აფბა-ს შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლარი საგრძნობლად მყარდება როგორც აშშ დოლარის, ისე ევროს მიმართ, ხოლო მედიკამენტების ის სია, რასაც „აფბა“ და „ჯანდაცვის პლატფორმა“ აკვირდებიან, ძირითადად იმპორტირებულია ევროზონის ქვეყნებიდან.

„როგორც წესი, ლარის გამყარებამ ევროს მიმართ ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქცია უნდა გააიაფოს, თუმცა ფარმაცევტული კომპანიები არც ამ ლოგიკას ექვემდებარებიან. მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებამ მოგვცა არის ის, რომ კომპანიებს აქვთ რესურსი ფასების დაწევის, ხოლო განვლილ პერიოდში მათ მიერ ფასების შემცირება რეალურად ახალი მოთამაშის გამოჩენასთან შეგუების სტრატეგია აღმოჩნდა“, - აცხადებენ აფბა-ში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე