გიორგი ალიბეგაშვილი ბაგა-ბაღების გათავისუფლებულ დირექტორებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ბაგა-ბაღების გათავისუფლებულ დირექტორებს შეხვდა.

ალიბეგაშვილთან შეხვედრაზე #36 ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი ელზა უდესიანი, # 3 ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი თათია ვაჭრიძე და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე იმყოფებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თათია ვაჭრიძემ განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარესთან მათ კომისიის შექმნაზე არც თანხმობა და არც უარი არ მიუღიათ. მისივე თქმით, მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. გათავისუფლებული დირექტორები მოითხოვენ საკრებულოში შეიქმნას კომისია, რომელიც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მოქმედებებს მათ მიერ განხორციელებულ მონიტორინგს და ტენდერებს შეისწავლის.

„შევხვდით საკრებულოს თავმჯდომარეს, ველოდებით პასუხს, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ველოდებით თამარ ტალიაშვილის ბრიფინგს, რომელიც 14.00 საათზე გაიმართება. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. გიორგი ალიბეგაშვილს შეხვედრაზე არც ის უთქვამს, რომ კომისია შეიქმნება, არც ის უთქვამს, რომ კომისია არ შეიქმნას. ჩვენი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. შეიქმნას კომისია საკრებულოში, რომელიც შეისწავლის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მოქმედებებს, მონიტორინგს, ტენდერებს და მათ მუშაობას. რა ნიშნით თავისუფლდებიან საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და რა ნიშნით ინიშნებიან ახალი დირექტორები“, - განაცხადა თათია ვაჭრაძემ.

იგი თბილისის საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეს თამარ ტალიაშვილს უნდობლობას უცხადებს. მათივე თქმით, თამარ ტალიაშვილმა დაადასტურა, რომ საბავშვო ბაღებში დირექტორების გათავისუფლება მართებულად განხორციელდა. თათია ვაჭრაძის განცხადებით, თუ საკრებულოში მათი მოთხოვნით კომისია შეიქმნება, ისინი ნდობას გამოუცხადებენ საკრებულოს წევრებს, გულიკო ზუმბაძეს, თამარ ცინცაბაძეს, გიორგი ალიბეგაშვილს და სხვა პირებს.