თბილისში ობლიგაციების შესახებ კონგრესი გაიმართება

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ორდღიანი ობლიგაციების შესახებ კონგრესი მოეწყობა. ღონისძიება 16 ივნისს, 09:30 საათზე გაიხსნება.

”საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, საქართველოში პირველად „გალტ & თაგარტი“ დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების რიგით XIII საერთაშორისო ობლიგაციების კონგრესს უმასპინძლებს.

”კონგრესი ობლიგაციების შესახებ ამ სფეროში წარმოადგენს წამყვან ღონისძიებას, სადაც განიხილება ობლიგაციების საშინაო ბაზრების განვითარების საკითხები რუსეთში, დსთ-ს და კავკასიის ქვეყნებში, ასევე, განვითარებადი ბაზრების (Emerging Markets) ევროობლიგაციების ბაზრების საკითხები. კონგრესის მონაწილეები იმსჯელებენ განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციების ბაზრების მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე”, - აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.

მათივე ინფორმაციით, კონგრესს დაესწრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და “გალტ & თაგარტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე.

ობლიგაციების შესახებ 2 დღიან კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ: ბანკები, წამყვანი საინვესტიციო კომპანიები, ემიტენტები და ინფრასტრუქტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის: დსთ-ს და კავკასიის ქვეყნებიდან, ბალტიის სახელმწიფოებიდან და ევროპიდან.