16887 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის ცნობით,  2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 16887 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7,0%-მდე დაწია. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 855.4 მლნ ლარის სესხია გაცემული.

ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 87-ით, ასევე შემცირებულია მთლიანი პორტფელი - 893.0 მილიონი ლარიდან 855.4 მილიონამდე.

16887 ხელშეკრულებიდან 7264 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 72.3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისისთვის 16.5% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 4888 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.8%-ში. მთლიანი პორტფელი კი 216.8 მილიონი ლარია.

2023 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 544.02 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 99.4 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15.0%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 444.6 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.6%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით, 23 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 746.49 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16.88%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2688 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 21.5 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 15.36%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტალებში შემცირდება და მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება. ინფლაცია 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის პირველ ნახევარში დაუახლოვდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად უნდა შემცირდეს 5-6 პროცენტის ფარგლებში.

გასული წლის 1 კვარტლიდან ბანკებმა იპოთეკურ და ბიზნეს სესხებთან ერთად აქტიურად დაიწყეს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სხვა ტიპის სესხების გაცემაც, რაც ლარის რესურსზე მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული. მოქალაქეები ამჯობინებდნენ აეღოთ სესხი ეროვნულ ვალუტაში, თუნდაც იგი ყოფილიყო არა ფიქსირებული, არამედ ცვლადი. თუმცა წლის ბოლოსკენ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ მასზე მიბმულ სესხებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. 1 მაისის მონაცემებით სახეზეა ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება, საშუალოდ 0,5%-ით. მონეტარული პოლიტიკის შერბილება ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ეროვნული ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ ბანკებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსი ლარში, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს. ამ მხრივ მნიშნელოვანია ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის წახალისებაც, რაც ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდით მიიღწევა. 

წყარო: "საზოგადოება და ბანკები"

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე