მექსიკელი მედია მაგნატი მეორად სმარტფონებს შეისყიდის

მექსიკელმა მედია მაგნატმა კარლოს სლიმ ელუმ ნახმარი სმარტფონების შეგროვების პროგრამა დაიწყო. პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, რათა მათ განათლების სხვადასხვა რესურსზე თავისუფალი წვდომა შეძლონ. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორის მფლობელის განცხადებით, მისი ჰოლდინგი América Móvil სასწავლო საგნებზე უსადენო კავშირს ყველა ასაკის მსურველს უფასოდ მიაწვდის.

კომპანია 1-2 წლის ნახმარი, კარგ მდგომარეობაში მყოფი ტელეფონების შესყიდვას 500 პესოდ (26$) აპირებს. მაგნატმა ხაზი გაუსვა, რომ სურს გახსნას მეორადი სმარტფონების ბაზარი, რომელიც სახელმწიფო სკოლებს დაეხმარება.

სლიმ ელუმ იმედი გამოთქვა, რომ მისი კონკურენტები მექსიკაში, მათ შორის ესპანური ოპერატორი Telefonica და ამერიკული AT&T მიბაძავენ ამ მაგალითს და ამით სასწავლო საგნები ხელმისაწვდომი გახდება.

შეგახსენებთ, კარლო სლიმ ელუ Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეოთხე ადგილზეა და ის მისი შემოსავლების ნაწილს ფილანტროპიას ახმარს.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე