სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან შეხვედრას გამართავს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ბიზნესმენებთან რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს.

ამ შეხვედრაზე კომპიუტერული ტექნიკის, სახარჯი მასალებისა და მოწყობილობების, საოფისე ტექნიკის მიმწოდებელი ორგანიზაციები არიან მიწვეული.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან კონკრეტული სფეროებისა და სეგმენტების მიხედვით ჩატარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ.

შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებმა სააგენტოს თავმჯდომარეს უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.

ინფორმაცია დაგეგმილი შეხვედრების შესახებ წინასწარ განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე, გავრცელდება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით”, - აცხადებენ შესყიდვების სააგენტოში.