”გალტ & თაგარტის” მხარდაჭერით, ობლიგაციების შესახებ დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

”გალტ & თაგარტის” მხარდაჭერით, საქართველოში პირველად ობლიგაციების შესახებ დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების რიგით მე-13 საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.

ორგანიზატორების განცხადებით, კომპანია Cbonds-ის კონგრესი ობლიგაციების შესახებ წამყვან ღონისძიებას წარმოადგენს, სადაც განიხილება ობლიგაციების საშინაო ბაზრის განვითარების საკითხები დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნებში, ასევე განვითარებადი ბაზრების ევროობლიგაცების ბაზრების საკითხები.

კონგრესის მონაწილეები განვითარებადი ქვეყნების ობლიგაცების ბაზრების საკითხებზე მსჯელობენ, მათ შორის, როგორიცაა - საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ფინანსური სისტემა და ობლიგაციების ბაზარი, მაკროეკონომიკური განვითარება და საფინანსო ბაზრების პერსპექტივები, ევროობლიგაცების ბაზარი, ინვესტორების დისკუსია, თემატური სექციები ცალკეული ქვეყნების მიხედვით: აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსის ობლიგაცების ბაზრები.

”ჩვენ გვაქვს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, რომელიც კონცენტრირებულია ობლიგაცების ბაზარზე. მისი განვითარება მომდევნო წლებში ჩვენი ძირითადი მიზანია. დღეს საუბარი შეეხება იმას, თუ რას აკეთებს ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად, ამ ბაზრის ხელშეწყობისთვის. დაახლოებით, 2 კვირის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ობლიგაცების აღიარება მოხდეს როგორც მონეტარულ ოპერაციებში გამოყენებადი გირაო, თუ ამ ობლიგაციას ექნება შესაბამისი რეიტინგი. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ, რომ განავაახლოთ ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა”, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

თავის მხრივ, ”გალტ & თაგარტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ სასესხო კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ”გალტ & თაგარტი” მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

”საქართველოში ფინანსური ბაზრები ვითარდება და ძალიან სასიხარულოა ის, რომ ბალტიისპირეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბის კონფერენცია ტარდება ჩვენთან. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობს ბევრი ინვესტორი, რომელებიც ფოკუსირებულები არიან ამ რეგიონზე და აინტერესებთ ისეთი ობლიგაციები, რომლებიც ამ ქვეყნებიდან გამოდის. ”გალტ & თაგარტი” 250 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მოზიდვაში დაეხმარა ქართულ კომპანიებს. ასეთი ტიპის კონფერენციები ხელს უწყობს ობლიგაციების ბაზრის განვითარებას”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ობლიგაციების შესახებ ორდღიან კონგრესში 14 ქვეყნიდან 200 დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის, ბანკები, საინვესტიციო კომპანიები, ემიტენტები და ინფრასტრუქტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები.