აშშ უკრაინას 220 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

აშშ უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 220 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია საუბარი.

უწყების ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანს შეხვედრის დროს აცნობა.

ფინანსური დახმარება უკრაინაში რეფორმების მხარდაჭერისთვის არის განკუთვნილი.

„დახმარების პაკეტით გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლების გაძლიერებისკენ და ჰუმანიტარული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკული ფინანსური დახმარებით უკრაინის ხელისუფლება გეგმავს საბაჟო რეფორმის დაჩქარებას, კორუფციასთან ბრძოლის სფეროში საკვანძო რეფორმების მხარდაჭერას, დეცენტრალიზაციის გაფართოებასა და უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.