თბილისში მეკარტოფილეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება

სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, სასტუმრო ”თბილისი მერიოტში, ხვალ მეკარტოფილეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ცნობით, ფორუმს ENPARD-ის ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები „მერსი ქორფსი“ (Mercy Corps) და „ოქსფამ-დიდი ბრიტანეთი“ (Oxfam GB) მართავენ.

ფორუმს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ასოციაცია ახალქალაქის კარტოფილის, კოოპერატივების, კერძო სექტორის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სფეროს ექსპერტები.

აღნიშნული ფორუმი არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეკარტოფილეობის კოოპერატივებს და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთობლივად განიხილონ დარგში არსებული სირთულეები, გამოწვევები და დასახონ პრობლემების გადაჭრის გზები. ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მეკარტოფილეობის კოოპერატივებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროგრამებს და ინიციატივებს, ასევე მიიღებენ ინფორმაციას არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ.