ზღვის უბნის 28 ოჯახი გერმანიის საელჩოს თავშესაფარს სთხოვს

ზღვის უბნის 28 ოჯახი გერმანიის საელჩოს თავშესაფარს სთხოვს. ზღვის უბნის მოსახლეობის ნაწილმა დღეს, გერმანიის საელჩოსთან, “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის ორგანიზებით აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები ქართულ და ინგლისურ ენაზე - „ჩვენ ვერ ვიპოვეთ სამართალი“, „შეჩერდეს გამოსახლება“, „ჩვენ ვითხოვთ თავშესაფარს“, „ჩვენი უბედურების უკან დგანან მთავრობის მაღალჩინოსნები“.

აქციას ზღვის უბნის 204-ე და 205-ე კორპუსის მცხოვრებლები მართავდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კორპუსებიდან გუშინ ერთი ოჯახი გამოასახლეს და ამ კორპუსებში მცხოვრებ კიდევ 28 ოჯახს იგივე ემუქრება.

„2009 წლიდან ზღვის უბნის დასახლების მეორე მიკრორაიონში ვცხოვრობთ. ეს არის სახელმწიფო ქონება, ისტორია მანამდე ამ კორპუსებს არ ჰქონდა. 2006 წლიდან ფიქსირდება სახელმწიფო ქონებად. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფოს, ორი პრეზიდენტის განცხადებით, ვიყავით შემოსული ამ კორპუსებში, თუ ვნახავდით მიტოვებულ შენობას, დავეუფლებოდით. დავეუფლეთ, მივმართეთ შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც ნებართვა მოგვცა. შავი კარკასიც არ იყო, გავაკეთეთ აბონირება და ვართ აბონენტები, დღეისთვის ფართის კანონიერი მოსარგებლეები, ნახევრად მესაკუთრეები. დღეს უკვე გლდანი-ნაძალადევის გამგეობამ გააყალბა საქმე, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილება შეცვალა გამგებელმა სანდუხაძემ, მიწერილობა ყალბი გააკეთა საჯარო რეესტრში, ამის საფუძველზე საკუთრების მოწმობები გასცეს, გაასხვისეს მეტრომშენის თანამშრომლებზე“, - განაცხადა ზღვის უბნის 205-ე კორპუსის, ბინა 41-ში მცხოვრებმა ირმა კვიკვინიამ.

მისივე თქმით, რადგანაც სამი წლის განმავლობაში იბრძვიან და შედეგი არ არსებობს, მათ აღარ სურთ საქართველოს მოქალაქეობა და გერმანიის საელჩოს თავშესაფრისათვის მიმართავენ.

აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ გრძელდება ზღვის უბნის მოსახლეობის ტრაგედია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ამ ხელისუფლების პერიოდშიც მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ოჯახების გამოსახლება დაუშვებელია.

„თუ სხვა კატეგორიის ადამიანებს გააჩნია პრეტენზიები ამ კორპუსებთან დაკავშირებით მათ უნდა გამოეყოს ფართები ან პირიქით, ამ ადამიანებს სხვა სახლკარი არ გააჩნიათ. სოციალური საცხოვრისის შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ევროკავშირისა და გაერო-სთან მიმართებაში, რომელიც იგნორირებულია“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ფონზე ხელისუფლება 29 მილიონს კონცერტებში და მსგავს ღონისძიებებში იხდის.