გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტს, რომლითაც ტყეებსა და წყლის ნაპირებზე არსებული მერქნული რესურსის გამოყენებაზე ახალი რეგულაციები შემოდის

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომლითაც ტყის ფონდის საზღვრებსა და შიგა წყლების ნაპირებზე არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსის გაცემის წესი რეგულირდება.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დასაწყობდება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ტყის ფონდში არსებული ფართობების სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლების 49 წლიანი ვადით გაცემის შესაძლებლობას, ნაცვლად აქამდე არსებული 10 წლისა.

ამ მიმართულებით ცვლილებები ხორციელდება “სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.