ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა

ოქროს ფასმა 2014 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე აგვისტოს ფიუჩერსის ღირებულება 1,24%-ით გაიზარდა და ტრუას უნციისთვის $1,311.10 აშშ დოლარი შეადგინა.

ოქროს ფასის მატება განპირობებულია დოლარის კურსის დაცემით მსოფლიო ვალუტებთან მიმართებით და მზარდი რისკებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შესაძლო გასვლას უკავშირდება.

გაიზარდა ვერცხლის ფასიც. სავაჭრო სესიაზე ივლისის ფიუჩერსის ღირებულება 1,50%-ით გაიზარდა და უნციისთვის 17,86 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის 2 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიმდინარე კვირას HSBC-ის ანალიტიკოსმა ჯეიმს სტილმა ივარაუდა, რომ დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი რეფერენდუმის გამო, ოქროს ფასმა შესაძლოა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიოს და უნციისთვის 1 400 აშშ დოლარი შეადგინოს.

დაგეგმილი რეფერენდუმი ბაზარზე რისკებსა და გაურკვევლობას ზრდის. როგორც წესი, ასეთ პირობებში ინვესტორები „უსაფრთხო აქტივების“, მათ შორის ოქროს შეძენაზე აკეთებენ აქცენტს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე