პრეზიდენტის მრჩეველი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (European Investment Bank) წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. მაია მელიქიძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განუცხადა, რომ აღნიშნულ სეგმენტს უჭირს ფინანსებთან წვდომა, რათა საკუთარი საქმიანობა განავითაროს. მაია მელიქიძის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოსთვის ფინანსურ მხარდაჭერას გამოყოფს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიზნით, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს გადაეცემათ. მისივე თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს თანამშრომლობას “რესპუბლიკა ბანკთან“, „თიბისი ბანკთან“, „პროკრედიტ ბანკთან“, „საქართველოს ბანკთან“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი აქტიურად ჩაერთვება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროცესის მონიტორინგში, რომელსაც თავად ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს.