საქართველოში განათლების სფეროში დასაქმებულებს ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვთ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 913 ლარია.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სექტორში ფიქსირდება, აღნიშნულ სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1748 ლარია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მაღალანაზღაურებადი სამსახურების ხუთეულში ასევე შედის: მშენებლობა, სახელმწიფო მმართველობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მომსახურების სფერო.

სამშენებლო სექტორში საშუალო თვიური ანაზღაურება 1355 ლარია, სახელმწიფო მმართველობაში აღნიშნული მონაცემი 1323 ლარს უდრის, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობის სექტორში საშუალო შემოსავალი 1164 ლარს შეადგენს, მომსახურების სფეროში კი 1008 ლარს.

ყველაზე დაბალი საშუალო თვიური შემოსავალი, წინა წლების მსგავსად, ისევ განათლების სფეროში დასაქმებულებზე მოდის და 488 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ანაზღაურება 560 ლარია სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და სატყეო მეურნეობაში. სასტუმროებსა და რესტორნებში კი აღნიშნული მონაცემი 652 ლარს უდრის.

ქრისტინე გამთენაძე