პარლამენტმა ”სითი პარკის” საქმიანობის შეწყვეტის ინიციატივაზე იმსჯელა

იურიდიულმა კომიტეტმა პარტია ”მემარცხენე ალიანსის” ინიციატივა განიხილა, რომელიც ”სითი პარკის” უფლებამოსილების შეჩერებას გულისხმობს. პარტიის მიერ, საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ინიციატივა ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანას საჭიროებს. პარტიის ლიდერის კახა ძაგანიას თქმით, მომავალ კვირას საკომიტეტო მოსმენების დასრულების გამო, კომიტეტმა აღნიშნული ინიციატივის განხილვა არ ისურვა.

როგორც ძაგანიამ საუბრისას აღნიშნა, მოქმედ დეპუტატებს აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ.

”კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ და დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განმარტეს, რომ დროის უქონლობის გამო აღნიშნული საკითხი ვერ განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ და სხვა დეპუტატებს პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. ყველამ კარგად იცის, კომპანია ”სითი პარკი” როგორ და ვისი ლობირებით არსებობს ჩვენს დედაქალაქში. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ არჩევნებს და გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მოვაგვარებთ აღნიშნულ პრობლემას, რომელიც ”სითი პარკს” უკავშირდება”, - განაცხადა კახა ძაგანიამ.