თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 1-ელ ივლისს დაიწყება

2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის 1-ელ ივლისს დაიწყება. როგორ დედაქალაქის მერიაში აცხადებენ,  თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპად წარიმართება.

პირველი ეტაპი 1 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც დარეგისტრირდებიან შემდეგი კატეგორიის ბავშვები:

ა) 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველი);

ბ) სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

დ) იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდება ყველა კატეგორიის ბავშვი.

რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge

”წელს საჯარო საბავშვო ბაღებში 12 ათასი ვაკანტური ადგილი იქნება. ამასთან, მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე, ბაგა-ბაღის დირექტორისა და სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სექტემბერში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა გაიზარდოს”, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

”აღსანიშნავია, რომ წელს, ოთხი ახალი ბაღის გახსნით, დამატებით 1500-მდე ადგილი შეიქმნა. ამასთან, მოქმედ საბავშვო ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად, 85 ჯგუფი შეიქმნა, რის შედეგადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართვა 3500-მა პატარამ შეძლო”, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.