საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. დოკუმენტი დეპუტატებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ დევი ვეფხვაძემ გააცნო.

მომხსენებელმა გასული წლის აუდიტორული საქმიანობა შეაჯამა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მისიისა და ღირებულებების, ასევე 2015 წლის ძირითადი მიღწევების შესახებ ისაუბრა. დევი ვეფხვაძემ სტატისტიკური ინფორმაცია აუდიტების შესახებ და ცალკეული აუდიტების მიხედვით აუდიტის შედეგები წარმოადგინა.

გენერალური აუდიტორის მოადგილის თქმით, ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვეთილი. მათ შორის, სამსახურის როლზე ანტიკორუფციულ საქმიანობაში და სხვადასხვა პროფესიულ საბჭოში და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ასეთი ფორმით ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება და გაძლიერება.

“მართლია, ეს პირველი ნაბიჯებია, მაგრამ უკვე გვაქვს ყველა ინსტრუმენტი. მიმდინარე რეჟიმში ვიხილავთ ანგარიშებს, გავცემთ რეკომენდაციებს და როცა ყველა მექანიზმი ამუშავდება, სისტემა იქნება უფრო სრულყოფილი“, - აღნიშნა ებანოიძემ.

მისივე თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულება შესაცვლელია. “ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუტების გაძლიერება, როგორიც არის ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, - განაცხადა ებანოიძემ.