რატომ კაფავენ ქართველი ფერმერები კივის ნარგავებს

წელს ქართულ კივს ჩვენს ბაზარზე თურქული და ირანული ჩაანაცვლებს

წელს კივის მოსავალი ძალიან შემცირებულია, რის გამოც ადგილობრივი, საქართველოში მოყვანილი კივი ბაზარზე მცირე რაოდენობით იქნება - ამის შესახებ ქართველი ფერმერები დაუფარავად საუბრობენ. ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიას მკვიდრმა, ფერმერმა დემურ ფიფიამ, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ წელს კივის მოსავალი შარშანდელთან შედარებით 8-10-ჯერ არის შემცირებული, რაც საგაზაფხულო წაყინვამ გამოიწვია:

დემურ ფიფია: შარშან 3-4 ტონა კივი მოვიწიე, წელს კი, ალბათ 300-400 კგ-იც არ გამოვა. მარტო ჩემთან კი არა, ყველგან ასეა. აქაურ ფერმერებს წელს კივის იმედი აღარ აქვთ: აპრილის დასაწყისში მომხდარმა საგაზაფხულო წაყინვამ კივის ნარგავები სულ გაანადგურა. მხოლოდ 10 %-ს თუ მივიღებთ იმ მოსავლიდან, რომელსაც ველოდით. ჩვენი, ქართული კივი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ზოგჯერ თბილისში, დეზერტირების ბაზრობაზე ჩამოგვაქვს და საბითუმო ფასებში ვყიდით, ზოგჯერ - ადგილზეც მოდიან კივის შესყიდვის მსურველები.

ფერმერის თქმით. ადგილობრივ კივის სერიოზული კონკურენტი ჰყავს უცხოური პროდუქციის სახით:

დემურ ფიფია: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კივი უფრო გემრიელია თურქულთან და ირანულთან შედარებით, მათთვის კონკურენციის გაწევა მაინც ძნელია: თურქული და ირანული კივი 1 ლარი ღირს, ჩვენი კი - 2 ლარი, ამხელა გზაზე ჩამოაქვთ, საბაჟოზე გადასახადებსაც იხდიან, მაგრამ მათი კივი მაინც უფრო იაფია. წელს ამას უამინდობაც დაერთო და სავარაუდოდ, ქართულ კივის თურქული და ირანული ჩაანაცვლებს.

დემურ ფიფიას თქმით, კივის მოვლა რთული საქმეა, ამას ბევრი შრომა სჭირდება, ამიტომ, ბევრმა აკაფა და მის ნაცვლად თხილი გააშენა: „კივის მოყვანა ძალიან სარისკოა. ვერ უვლის ხალხი, რადგან ყოველ მეორე წელიწადს საგაზაფულო წაყინვა უსწრებს, რომელსაც დაზღვევა არ ეხება. დაზღვევა მხოლოდ საშემოდგომო წაყინვას ეხება, ამიტომ ზოგიერთმა ფერმერმა უკვე გული აიცრუა კივის მოყვანაზე და მისი სხვა კულტურებით ჩანაცვლება გადაწყვიტა“ - განაცხადა დემურ ფიფიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ხათუნა ჩიგოგიძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე