საქართველოს ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ

პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“, ფარგლებში საქართველოს ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, 20 ივნისიდან საქართველოს კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ცნობილი, ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდუსერები სტუმრობენ.

„საქართველოთი დიდი დაინტერესება მოჰყვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ქართველი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობას აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო დონის ლოკაციების შოუზე, სადაც მოხდა ქვეყნის წარმოჩენა და ახალი კინოწარმოების წახალისების პროგრამის პრეზენტაცია“, - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე თქმით, ცნობილი ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ე.წ „ლოკაციის მენეჯერები“, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა: Transformers, Captain America, The Town, The Hangover, Sicario, Mission:Impossible, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში 20-დან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს დაათვალიერებენ. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში თბილისს, რუსთავს, კახეთს, მცხეთას, ყაზბეგს, უფლისციხეს, წყალტუბოს, ზუგდიდსა და მესტიას, ასევე ანაკლიასა და ბათუმს მოინახულებენ. სწორედ აღნიშნული პირების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ახალი ფილმების გადამღები ჯგუფების შემოსვლა.

„ჰოლივუდის დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი უწყება - მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად მასპინძლობს და ქვეყნის შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა მომხიბვლელ და მათი ინტერესის სფეროს გათვალისწინებით შესაბამის ლოკაციებს აცნობს. ვიზიტის ფარგლებში ქართველ კინომწარმოებლებსა და სხვადასხვა ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, უცხოელ კოლეგებს შეხვდნენ და მათი გამოცდილება გაიზიარონ, ასევე მათ გააცნონ ქართული კინოს შესაძლებლობები და არსებული ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გადასაღებ ცენტრად ქცევის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა“, - განმარტავენ სამინისტროში.

მათივე თქმით, პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია. მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს, უკვე შემოსულია სამი განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინდური ფილმისა და ქართულ-გერმანული პროექტების გადაღებები, დაგეგმილია ამერიკული პროექტის განხორციელება. ამასთანავე, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზეც აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.