ბათუმში ანბანის კოშკი დღეს იხსნება

ბათუმში ანბანის კოშკი ოფიციალურად დღეს გაიხსნება. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, 130 მეტრ სიმაღლის ორიგინალურ შენობაში საინფორმაციო-ტურისტული ზონა, პანორამული რესტორანი და ღია ტერასა სტუმრებს ხვალიდან მოემსახურება.

საინფორმაციო-ტურისტული ზონა ბათუმის პანორამული ხედებით კოშკის მწვერვალზე მდებარეობს. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ონლაინ გიდის მეშვეობით სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ. იქვე, ტურისტებისთვის შესაძლებელია სუვენირებისა და სხვადასხვა თემატური ნივთების შეძენაც.

საინფორმაციო სივრცის ქვედა დონეზე განლაგებულია კომფორტული პანორამული რესტორანი აზიურ-ევროპული სამზარეულოთი. რესტორანი 360 გრადუსით ბრუნავს და ერთი საათის განმავლობაში საშუალებას იძლევა, სტუმრებმა ბათუმის ხედებით ისიამოვნონ. კოშკში საკონფერენციო დარბაზი და VIP ოთახებიც მდებარეობს. კოშკის პირველ დონეზე მდებარეობს ღია ტერასა, სადაც ყოველდღიურად მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.

ანბანის კოშკის მშენებლობა ბათუმში 2011 წელს დასრულდა. მისი პროექტი ესპანელ არქიტექტორ ალბერტო დომინგო კაბოს ეკუთვნის. ანბანის 33 ასოთი გარშემორტყმული თანამედროვე ნაგებობა დნმ-ის უჯრედის მსგავს არქიტექტურას წარმოადგენს. მასში გადაადგილება მხოლოდ შემინული პანორამული კონსტრუქციის ლიფტებითაა შესაძლებელი. შენობა 2015 წლის 9 ივნისს, სიმბოლურ ფასად, 20 წლის ვადით კომპანია Boost Spain S.I-მა შეიძინა.