პროდუქტის გაიაფების შანსი საბოლოოდ მოკვდა

ლარის მოულოდნელმა გაუფასურებამ იმპორტიორებს თავგზა აუბნია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კურსის მყისიერი ავარდნის გამო, ბევრმა პროდუქტის გაიაფება გადაიფიქრა, არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა შემოტანილი საქონელი გააძვიროს კიდეც. ნავთობისა და დიზელის ფასმა უკვე მოიმატა. ამაში სავალუტო კურსის "დამსახურება" დიდია. იმპორტიორების ვარაუდით, სავალუტო რყევის გამო, პროდუქტის გაძვირება მოუწევთ, რადგან ფასები საერთაშორისო ბაზრებზეც მატულობს.

ლარის გამყარების ტენდენცია 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც ფასების შესამცირებლად საკმარისზე მეტი დროა. მიუხედავად ამისა, მეწარმეები არ ჩქარობდნენ, რასაც ლარის მიმართ დაბალი ნდობით ხსნიდნენ. ახლა, როცა პროდუქტის გაიაფების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, ეროვნული ვალუტა ერთბაშად რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. შესაბამისად, მეწარმეებს ოდნავ გაჩენილი ნდობა კვლავ გაუქრათ. ასე რომ, ფასების შემცირებას სამომხმარებლო ბაზარზე აღარ უნდა ველოდოთ.

როგორც იმპორტიორები ამბობენ, მრავალგზის გაიაფება ახლა აზრადაც არავის მოუვა. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე თითქმის ყველა პროდუქტი ნელ-ნელა ძვირდება და ფასის შენარჩუნებას ლარის გამყარების ხარჯზე ახერხებდნენ. ახლა კი ესეც შეუძლებელი იქნება.

კომპანია "დუს" დირექტორი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ გაიაფების მოლოდინი არ აქვს, პირიქით, შემოტანილი პროდუქტის უმრავლესობა შეიძლება გაძვირდეს.

"საერთაშორისო ბაზარზე ფასები ისედაც მაღლა მიდის. აქამდე ლარის კურსი ფასის შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევდა, მეტ-ნაკლებად ვახერხებდით. ახლა, როცა კურსი თამაშობს და სტაბილურობის განცდაც აღარ არის, გაიაფებაზე ფიქრიც კი გადაჭარბებულია. განბაჟებიდან დაწყებული, ყველა პროცედურა გაძვირდება. მერყევი კურსი არის კატასტროფა, სერიოზულ პრობლემას გვიქმნის.

ჩათვალეთ, რომ ყველაფერი გაძვირდება. როგორც უკვე ვთქვით, ექსპორტიორ ქვეყნებში ფასმა თითქმის ყველაფერზე მოიმატა. ცხადია, მხოლოდ სავალუტო კურსზე არ ვართ დამოკიდებული. გარდა ამისა, ეკონომიკაშიც მდგომარეობა, ფაქტობრივად, არ გაუმჯობესებულა", - ამბობს გოგიჩაიშვილი.

ფასთან დაკავშირებით ანალოგიური მოსაზრება აქვთ "სანტრეიდშიც". კომპანიაში პროდუქტის გაიაფებას გამორიცხავენ.

"ჯერჯერობით არანაირ ცვლილებას არ ვგეგმავთ. ქვეყანაში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ სამომხმარებლო ბაზარს სასიკეთოდ დაეტყოს. ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ დაბალია.

იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის ფასი საკმაოდ ფრთხილი თემაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწვავიც ძვირდება. არანაირი პირობა არ გვაქვს, რომ გაიაფებაზე ვიზრუნოთ", - აცხადებენ კომპანიაში.

პროდუქტის გაიაფების შესაძლებლობას კომპანია "უკრაინის პროდუქტების" დირექტორი ირაკლი თედიაშვილი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს. იმპორტიორი ამბობს, რომ კურსის ხშირი რყევით ისედაც ძალიან იზარალა.

"არსებული მარაგი სანამ არ ამოიწურება, ფასის შენარჩუნებას შევძლებთ. ვერ ვიტყვი, რომ ცვლილება უახლოეს პერიოდში გატარდება. კურსის რყევა ფასზეც აისახება და გაძვირებას გამოიწვევს, მოგება ისედაც შეგვიმცირდა და მერყევმა კურსმა საკმაოდ დაგვაზარალა", - ამბობს თედიაშივლი.

ზოგიერთი იმპორტიორი ამბობს, რომ პროდუქტის გასაიაფებლად ემზადებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა.

"ჩვენი პროდუქციის ფასი ლარის კურსზეა მიბმული. ბოლო პერიოდში მის შენარჩუნებას ძლივს ვახერხებდით. ლარის გამყარების შემდეგ, როგორც იქნა, გაიაფების შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ მორიგმა ვარდნამ ეს პროცესი დაამუხრუჭა. სამომავლოდ უფრო ფრთხილად ვიქნებით, საზოგადოებაში ლარის მიმართ ნდობა ისედაც დაბალი იყო. ყველა ფაქტორი, რაც ფასზე მოქმედებს, საპირისპიროდ წარიმართა, ვშიშობ, გაძვირება მოგვიწევს", - აცხადებს იმპორტიორი გელა ბერიკაშვილი.

ფასის მიმართ, ცოტა არ იყოს, სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ "საქართველოს სავაჭრო ჯგუფში". კომპანიაში აცხადებენ, რომ სამომხმარებლო ბაზარზე პოდუქტი კიდევ დიდი ხნით ვერ გაიაფდება.

"ქვეყანაში არ არის ისეთი გარემო, რომ გაიაფებაზე ვიფიქროთ. როგორც ვიცი, მსგავსი ნაბიჯისთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს, რადგან რისკი დაინახეს. კურსი არასტაბილურია და ეს ყველაფერზე ადეკვატურად მოქმედებს. სიმართლე გითხრათ, გაიაფებაზე აქამდეც არ ვფიქრობდით, ლარის მიმართ პოზიტიური მოლოდინი არც გვქონია.

იმპორტიორები რეალურად უნდა დარწმუნდნენ, რომ ისინი სწორად აანალიზებდნენ სიტუაციას. ამისთვის კი უნდა არსებობდეს მყარი მოლოდინი ლარის მიმართ, რომ კურსს, გარკვეულ პერიოდში მაინც, არაფერი ემუქრება. სამწუხაროდ, ლარმა იმედი გაგვიწბილა", - განუცხადა "რეზონანსს" "საქართველოს სავაჭრო ჯგუფის" წარმომადგენელმა.

საფასო ცვლილებას სამომხმარებლო ბაზარი მალე იგრძნობს. პროდუქტის გასაიაფებლად ლარის გამყარების სამთვიანი ტენდენცია არასაკმარისი აღმოჩნდა. ახლა კი, როცა კურსმა გაუფასურებისკენ აიღო გეზი, სავაჭრო სექტორი ამაზე საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებს. ახლა აღარაფერი გაიაფდება და საბოლოოდ, როგორც ხდება ხოლმე, მომხმარებელი დაზარალდება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"