უცხოელებისთვის ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქად ჰონკონგი დასახელდა

ამერიკული ანალიტიკური კომპანია Mercer-ის რეიტინგში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ქალაქი-სახელმწიფო პირველ ადგილს იკავებს.

მეორე ადგილზე უცხოელებისთვის ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქებს შორის ანგოლას დედაქალაქი ლუანდაა, მესამეზე - შვეიცარიის უდიდესი ქალაქი ციურიხი, მეოთხეზე კი სინგაპური. მეხუთე ადგილი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს უკავია.

პირველად Mercer-ის რეიტინგში მოხვდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი კინშასა, რომელმაც მე-6 ადგილი დაიკავა.

ტოპ-ათეულში მოხვდნენ ჩინეთის უდიდესი ქალაქი შანხაი, ასევე ჟენევა, ჩადის დედაქალაქი ნჯამენა და პეკინი.

რაც შეეხება ევროპულ დედაქალაქებს, ლონდონი მე-17, პარიზი 44-ე, მილანი 50-ე, ვენა 54-ე, რომი 58-ე, მიუნხენი 77-ე ადგილზეა.

რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი Mercer-ის რეიტინგში 67-ე პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, დუბაი 21-ე, აბუ დაბი 25-ე, თელ ავივი კი მე-19 ადგილზე არიან.

ამერიკული კომპანია Mercer უცხოელებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. სპეციალისტები, აღნიშნული სიის შედგენისას ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ტრანსპორტის, საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის ღირებულება და სხვა.

Mercer-ის თანახმად, უცხოელებისთვის ყველაზე იაფფასიანი ქალაქებია ნამიბიის დედაქალაქი ვინდჰუკი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქი კეიპტაუნი.