„მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ პროექტის შესახებ გაცნობითი სახის შეხვედრები დაიწყო

მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ პროექტის შესახებ გაცნობითი სახის შეხვედრები დაიწყო.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე www.qartuli.ge და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით, მთაში საკუთარი საქმე წამოიწყონ.

უწყების განმარტებით, „მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ არის ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი საშუალებას იძლევა, მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება მიიღოს და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე ბიზნესი წამოიწყოს, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ახალი პროექტის მოსახლეობისთვის დეტალურად გაცნობის მიზნით, 22 ივნისიდან პროექტის განმახორციელებელი უწყების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ და პრეზენტაციების სახით დაწვრილებით განუმარტავენ პროგრამაში ჩართვის გზებსა თუ პროცედურებს. ხვალ საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია საჩხერესა და ჭიათურაში. კონკრეტულად, საჩხერეში 11:00 საათზე (თავისუფლების ქ.#4 (კინოს შენობა), ხოლო ჭიათურაში (თხელიძის ქ.#1 (კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი) 14:00 საათზე გაცნობითი სახის პრეზენტაციები გაიმართება.

”ახალი პროგრამის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დიდ დაინტერესებასა და პროგრამაში ჩართვის სურვილს, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა. სწორედ ამ პროგრამის შედეგების, ეფექტურობისა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებელი უწყება, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან ერთად მაღალმთიან რეგიონში დაიწყებს მიკრო გრანტების გაცემას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას”, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

მათივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ ზოგადად მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ამოცანას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიების შემუშავება წარმოადგენს. გრანტების გაცემის ახალი ეტაპი კი სწორედ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტია და მთაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასევე რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წახალისებისკენაა მიმართული.